თავდაცვის მინისტრის მოადგილე - „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პატრიოტებად თავის წარმოჩენა არარელევანტურია, რადგან შესყიდვებთან დაკავშირებული კანონი 2005 წელსაა მიღებული

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ტენდერებთან დაკავშირებული საკითხების წამოწევა არარელევანტურია, რადგან შესყიდვების კანონი, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ, მიღებულია 2005 წელს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის და შს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიამ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში კანონის სრული დაცვით გაიმარჯვა ტენდერში.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ასეთი საკითხების წამოწევა აბსოლუტურად არარელევანტურია, რადგან შესყიდვების შესახებ კანონი, რომლითაც ვმოქმედებთ და რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ღია შესყიდვები, ასევე რომელშიც კანონმდებლობის სრული დაცვით გაიმარჯვა დევრიშაძის კომპანიამ, მიღებულია 2005 წელს. ყველა კომპანია მონაწილეობს, პროგრამა უშვებს ყველა კომპანიას, ჩვენ ვუშვებთ მხოლოდ საბოლოო პროდუქტს. ვერანაირად ვერ ვმონაწილეობთ ვერც კომპანიების შერჩევის ეტაპებზე, ვერც ვაჭრობებში, ვერც ვხედავთ იმ კომპანიებს, ვინც იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2005-2012 წლამდე 42 შესწორება არის შეტანილი კანონში და არც ერთი მათგანი არ ეხება ამ საკითხებს და არ ფარავს ამ თემებს.

„შესაბამისად, ახლა ამის წამოწევა, პატრიოტებად თავის გამოჩენა და ქვეყანაზე წუხილი არარელევანტურია, რადგან 7 წლის განმავლობაში მათ შეეძლოთ შეეცვალათ ეს საკითხები. როდესაც იღებდნენ არაფრისმთქმელ ქარტიებს და ჰაეროვან დოკუმენტებს, შეეძლოთ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ, მაგრამ არ გადაუდგამთ. კიდევ ერთი რამეა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, მათ დროსაც არსებობდა და ახლაც არსებობს საიდუმლო ობიექტების ნუსხა, რასაც შესაძლოა, მიენიჭოს გრიფით „საიდუმლო“ ანუ ვსაუბრობთ საიდუმლო შესყიდვებზე. საიდუმლო შესყიდვები თავის თავში გულისხმობს ისეთი შესყიდვის ტიპს, სადაც თუკი პირველ შემთხვევაში ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა, ამ შემთხვევაში პირიქით, მაქსიმალური ჩართულობაა სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვის პროცესში, დადგენილია სპეციალური კრიტერიუმები კომპანიებისთვის, დადგენილია სპეციალური დაშვების ფორმები, სპეციალურ შემოწმებას გადიან კომპანიები და შემდეგ იღებენ მონაწილეობას საიდუმლო შესყიდვებში, რადგან კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ამ შესყიდვებით განსაზღვრული ობიექტების ნუსხა არის გარკვეული საფრთხის მომცველი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ხორციელდება დამატებითი კონტროლის მექანიზმები.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, საიუდუმლო ობიექტების ნუსხის გვერდის ავლით ხორციელდებოდა საიდუმლო შესყიდვები. მაგალითად, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შორტი, ხელთათმანი, მაისური, წინდა, 2010-12 წლებში შესყიდული იყო საიდუმლო ტენდერებით. ეს ყველაფერი ამ წლებში შესყიდული იყო საიდუმლო გრიფით, ზემოთნახსენები ნუსხის გვერდის ავლით. ეს იყო ხელოვნურად წარმართული პროცესი, რათა გრიფით დაფარულიყო მათი განზრახვები და შესაბამისად, ეს პირდაპირ ეჭვს ბადებს, რომ ეს იყო კორუფციის წყარო. ამ ხალხისგან პრეტენზიების გამოთქმა, რომ თურმე ასე ადარდებთ სამშობლო, თან ჩექმას არქმევენ სტრატეგიულ საქონელს, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა ბუთხუზმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვისა და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს. საუბარია სტუდია „მონიტორის“ მიერ ტენდერებთან დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე. გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს