გიორგი ტყემალაძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ჩინეთის, გუანჯოუს მუნიციპალური სახალხო კონგრესის გენერალური მდივნის მოადგილეს სიოენცინგ ქულინგს და კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი ლევან დარახველიძე მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხშირი კომუნიკაცია და მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს საქმიან ურთიერთობას და თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ჩინეთის, გუანჯოუს მუნიციპალიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისი რეგიონის ეკონომიკური ცენტრია. მან საკრებულოს წევრები გუანჯოუში დაპატიჟა.

ჩინელი სტუმრები საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობით დაინტერესდნენ. გიორგი ტყემალაძემ დელეგაციის წევრებს თბილისის საკრებულოს ფუნქციების და უფლებამოსილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია და თბილისის მერიასთან ერთობლივი მუშაობის შესახებ ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თვითმმართველობის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუანჯოუს დელეგაციის წევრები თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსების რეგულაციებით დაინტერესდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ტაქსების რეგულაციაზე მუშაობს და 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში არსებული ტაქსების ლიცენზირება იწყება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოციალურ პროგრამებზე, საყოველთაო დაზღვევის სისტემაზე, ეკონომიკურ პროექტებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა