ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ტყეები სახელმწიფოს ხელშია, გვექნება ილუზია, რომ რამდენიმე ეგერი რაღაცას დაიცავს, სინამდვილეში კი ტყეები ნადგურდება

ვიდრე ტყეები სახელმწიფოს ხელშია, გვექნება ილუზია, რომ რამდენიმე დაქირავებული ეგერი სადღაც მთის მწვერვალებზე რაღაცას დაიცავს, სინამდვილეში კი ტყეები ნადგურდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტია “გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც დღეს, ჭუბერში განაცხადა, რომ სტიქიას ტყეების უსისტემო ჭრამაც შეუწყო ხელი.

“პრემიერის განცხადება ცოტა გაუგებარი იყო, თითქოს უბრალოდ უნდოდა უსისტემო ჭრის თემა რაღაცნაირად ეხსენებინა, რადგან თავისივე განცხადებაში საუბრობს სპეციალისტების განცხადებაზე, რომ მდინარის ადიდება ნალექმა გამოიწვია. თუ პრემიერი პრობლემას ხედავს იმაში, რომ უსისტემო ჭრა ხდება, მაქედან გამოსავალი არის ის, რომ ტყეები კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მათ შორის სახელმწიფოს და მოსახლეობას მასთან შემხებლობა აღარ უნდა ჰქონდეს, აღარც კორუფცია იქნება და აღარც უსისტემო ჭრა. სახელმწიფოს შეიძლება რაღაც რეგულაციები ჰქონდეს დაწესებული, მაგრამ ვიდრე ტყეებს პატრონი არ ეყოლება, მანამდე ვერავინ დაიცავს მას. თუმცა პრემიერს რისი თქმა უნდოდა, სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული განცხადებით პრემიერმა კონკრეტული კომპანია, ან კერძო პირი გააფრთხილა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ “შეიძლება ასეც იყოს“.

“შეიძლება ასეც იყოს, რადგან ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია არსებობს და სახელმწიფოს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა შეეჩერებინა, მაგრამ მე მახსოვს ამის შედეგები რა იყო - სვანებმა გზები გადაკეტეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებთან სახელმწიფო დამარცხდა. მე მგონია, რომ ასე დამარცხდება სახელმწიფო ყოველ ჯერზე მანამ, სანამ ხელისუფლებას ექნება ილუზია, რომ ეს ტყეები არის მათი და ტყეს დაიცავს. ვერაფერს ვერ დაიცავენ, ეს არის გამორიცხული - ტყე შეიძლება დაიცვას მხოლოდ და მხოლოდ კერძო მესაკუთრემ. ვიდრე ის არის სახელმწიფოს ხელში, ჩვენ გვექნება ილუზია, რომ რამდენიმე დაქირავებული ეგერი სადღაც მთის მწვერვალებზე რაღაცას დაიცავს, სინამდვილეში ვხედავთ, რომ ვერაფერსაც ვერ იცავენ და ტყეები რეალურად ნადგურდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო.

“პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ ჭუბერში, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო