სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ ინფორმაცია სრული სიცრუეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარიდან“ აცნობეს, მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში განხილვის პროცესშია.

„საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ გუშინ მორიგი სიცრუე გაავრცელა კომპანია „ბაუ სტარის“ წინააღმდეგ. ინფორმაცია ბაზის მომიჯნავედ კომპანიის საკუთრებაში არსებული 16-სართულიანი მშენებარე კორპუსის დემონტაჟის დაწყების შესახებ სრული სიცრუეა. კომპანია „ ბაუ სტარი“ დაუყონებლივ მოითხოვს უარყოს „დინამო თბილისმა“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან წარმოადგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია დემონტაჟის შესახებ. მხარეებს შორის, სამეზობლო დავა საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მოსამართლეს ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მიუხედავათ ამისა „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ცრუ სარეკლამო განცხადებების გავრცელებით, კომპანიის იმიჯს და რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს და მისი საქმიანობა შეაფერხოს.

კომპანია „ბაუ სტარს“ უკვე აშენებული აქვს პროექტით გათვალისწინებული 16 სართული, მიუხედავათ ამისა, „დინამო თბილისის“ იურისტმა სასამართლოზე, მცირე ნაგებობის შესახებ ისაუბრა, რითაც შეეცადა მოსამართლის შეცდომაში შეყვანას. ამ დროისთვის მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ფართების 80% უკვე გაყიდულია და მობინადრეების სახელზეა რეგისტრირებული“, - აღნიშნავენ კომპანია „ბაუ სტარში“.

მათივე განცხადებით, გერმანული სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს, ყველა სახის დოკუმენტი წესრიგშია, ამის დასტურია სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მეორე ინსტანციამ 2017 წლის 7 დეკემბერს გამოიტანა და კომპანიას მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცა.

„დინამო თბილისი“ უკვე წლებია ცდილობს დავა სასამართლოში სხვადასხვა მიზეზით წამოიწყოს და პროცესი მაქსიმალურად გაწელოს, რათა კომპანიას ზარალი მიაყენოს და დამფუძნებლები მიტაცებული მიწის უსასყიდლოდ გადაცემაზე დაითანხმოს. „დინამო თბილსის“ ხელმძღვანელობამ ბაზის მომიჯნავედ 1525 კვ. მეტრის ტერიტორია 2011 წელს მიიტაცა და მასზე უკანონო მშენებლობა განახორციელა. კომპანიამ საკუთარი უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რის შემდეგაც სასამართლომ დინამოს საწვრთნელი ბაზა დააყადაღა. საფეხბურთო კლუბის იურისტები სამართლებრივი პროცესის გახანგრძლივების მიზნით ხან სასამართლო სხდომებზე არ ცხადდებიან, ხან ოფიციალური მოსაკრებლის ( ბაჟის) გადახდას აგვიანებენ, რაც დამატებით პროცესის გადადებას იწვევს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„ბაუ სტარი“ მოუწოდებს „დინამო თბილისს“ შეწყვიტოს კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბმა „თბილისის დინამომ“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაზასთან მშენებარე კორპუსების დემონტაჟი უნდა დაიწყოს. „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებს - შპს „გიკო და კომპანიას“ და შპს „ბაუ სტარი მმს“-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და დაევალათ, ამავე მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა