დავით ზალკალიანი - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უპრეცედენტო დინამიზმით ხასიათდება

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უპრეცედენტო დინამიზმით ხასიათდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან დიდიე რეინდერსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირისა და ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში, რაც ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ემსახურება.

„ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ბელგიას შორის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გადავიდეს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. უაღრესად ვაფასებთ ბელგიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ორივე ქვეყანა მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების ერთგული ვრჩებით. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კონკრეტული სფეროების მიმართულებით. ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს. ვთანხმდებით, რომ საქართველომ მართლაც ბევრს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ბელგიის სამეფოს აქტიური მხარდაჭერით, დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს რეფორმირებისა და მოდერნიზაციის ეს კურსი, დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, რაც მომავალში ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამ მიზნით, ვმუშაობთ საგზაო რუკაზე - ერთგვარი სტრატეგიაზე, რომელიც დაგვეხმარება ეტაპობრივად წავიდეთ წინ, გავაკეთოთ უფრო მეტი, რათა დასახული მიზანი რეალობად ვაქციოთ. ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი შედეგია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ბელგიის სამეფოს ამ გადაწყვეტილებისთვის, ამით საქართველოს მოსახლეობამ ევროპული ტრანსფორმაციის რეალური სარგებელი მიიღო“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს.

„ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ადეკვატურად უნდა იყოს ასახული სამიტის შედეგებში. ასევე, აღინიშნა ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აფასებს ბელგიის სამეფოს თანადგომას საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების კუთხით.

„დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯების შესახებ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ. სულ უფრო და უფრო მძიმდება ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების წვდომის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებს. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის დამტკიცების თაობაზე, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებრივი უხეში ხელყოფის ფაქტების შემდგომ პრევენციასა და აღმოფხვრას. ყურადღება დაეთმო რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას“, - განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას, რისი დასტურიცაა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ და მტკიცე პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო