სირიის ოპოზიციურმა გაერთიანებამ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე დაგმო

სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან მუსტაფამ, ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ერთი კვირის წინ ასევე დაგმო სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის განცხადებით, ასადის რეჟიმი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოზიცია არის უკანონო.

აბდურრაჰმან მუსტაფა აღნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთისგან მიღებული ბრძანებების საფუძველზე, ვინაიდან რუსეთის ადმინისტრირების ქვეშ ის უბრალო პაიკად არის გადაქცეული. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველმა და სირიელმა ხალხმა თავის თავზე იწვნია რუსეთის ფედერაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უკანონო რეჟიმების მხარდაჭერა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბდურრაჰმან მუსტაფა შეხვდა საქართველოს ელჩს თურქეთში, ირაკლი კოპლატაძეს და საქართველოს გენერალურ კონსულს სტამბულში, ინგა კიკვაძეს. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა გამოხატა ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა სირიელი და ქართველი ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ თანამშრომლობის სურვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს