სოფიო ქაცარავა - ბერლინის სესიაზე ჩვენი მთავარი მიზანია რეზოლუციის პროექტის „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ დამტკიცება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 7-11 ივლისს, ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველ წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საკომიტეტო და პლენარული სხდომები ერთი თემის გარეშემო - „პარლამენტების როლი ეუთოს ვალდებულებების შესრულებაში“ ჩატარდება, რომელზეც ეუთოს სივრცეში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, დემოკრატიულ, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხებზე შესაბამისი რეზოლუციების პროექტებს და დამატებით ოქმებს განიხილავენ.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბერლინის ყოველწლიურ სესიაზე ჩვენი დელეგაციის უმთავრესი ამოცანაა რეზოლუციის პროექტის დამტკიცება „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“, რომელიც მკაფიოდ ასახავს ყველა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს, რაც კონფლიქტის მოგვარებას, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციას და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს და მათზე რეაგირებას შეეხება. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. კერძოდ, ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უალტერნატივო გზაა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

სოფიო ქაცარავას ინიციატივით მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

განსახილველ დოკუმენტში ასამბლეა გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.

რეზოლუციის პროექტში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში ასახულია საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოვებისკენ.

გერმანიის ბუნდესტაგში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავას ინიციატივით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან ერთად (ODIHR) ჩატარდება სპეციალური ღონისძიება „პარლამენტების როლი ეუთოს სივრცეში ზედამხედველობის გაძლიერების საკითხებში“, რაც მოიცავს საქართველოს პარლამენტში საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის ჩატარებული ღონისძიებების მიმოხილვას, არსებულ პროგრესს და ODIHR-ის კონტრიბუციას ეუთოს წევრი ქვეყნებისთვის. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან: დელეგაციის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ODIHR-ის დირექტორი ინგიბორგ გისლადოტირი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი იზაბელ სანტოსი და შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი მარგრეტ კინერ ნელენი.

ასამბლეის ფარგლებში დელეგაცია გამართვას ორმხრივ შეხვედრებს ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხეთის და სხვა წევრი ქვეყნების დელეგაციებთან, სადაც ძირითადი განხილვის თემები საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იქნება.

პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: სოფიო ქაცარავა, გიგი წერეთელი, გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა