მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, 2018 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ასპარეზობების წინ საჭირო რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა.

„თქვენი სწავლა და მონდომება არა მხოლოდ თქვენი პირადი წინსვლისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ უდიდესი საზოგადოებრივი ღირებულება აქვს. სწრაფად ცვალებად და განვითარებად სამყაროში მეცნიერების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იქნება ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობის გამოწვევებს, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. თქვენი მიღწევები ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციას მოემსახურება, და ამავდროულად, მისაბაძი მაგალითი გახდება არაერთი თქვენი თანატოლისა თუ უმცროსი მეგობრებისათვის. მინდა იცოდეთ, რომ ამ დღეებში ჩემი ყურადღება თქვენკენ იქნება მომართული. წარმატებებსა და სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნებას გისურვებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო 2018 წლის საერთაშორისო სასწავლოს ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (მათემატიკა IMO, ფიზიკა IPHO, ინფორმატიკა IOI, ბიოლოგია IBO და ქიმია IChO) წარადგენს.

მათივე ცნობით, მათემატიკის შვიდწევრიანი გუნდი 7-14 ივლისს, მათემატიკის 59-ე (IMO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე რუმინეთში, ქალაქ კლუჟ ნაპოკაში მიემგზავრება; ბიოლოგიის ნაკრები 4 მოსწავლით არის დაკომპლექტებული და 15-22 ივლისს ბიოლოგიის 29-ე (IBO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე ირანში, ქ. თეირანში იასპარეზებს; ქიმიის ნაკრების ოთხი წევრი 19-29 ივლისს ქიმიის 50-ე (IChO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც ჩეხეთსა და სლოვაკეთში, კერძოდ, პრაღასა და ბრატისლავაში გაიმართება; ინფორმატიკის ოთხკაციანი გუნდი 1-8 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ცუკუბა იბარაკიში იასპარეზებს ინფორმატიკის 30-ე (IOI) საერთაშორისო ოლიმპიადაზე; და ბოლოს, ფიზიკის ნაკრები გუნდი, 21-29 ივლისს, ფიზიკის 49-ე (IPhO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში იმართება.

სამინისტროს ცნობით, ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს