იუსტიციის მინისტრმა საუცხოო გადაწყვეტილება მიიღო - შალვა თადუმაძის და ირაკლი ნადარეიშვილის შემთხვევაში გაცილებით დიდი იყო ხმების გაყოფის შანსი, - ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭოს მიერ შალვა თადუმაძის, შალვა შავგულიძისა და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურების შერჩევას.
როგორც სალაძე ამბობს, საპროკურორო საბჭოში სულ 15 წევრია, მთავარი პროკურორობის კანდიდატს კი, მინიმუმ 10 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოს წევრი პროკურორების მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საკმარის ხმებს. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებას მართლა სურს შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად გაყვანა, მაშინ გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრმა საუცხოო გადაწყვეტილება მიიღო. რატომ? იმიტომ, რომ შალვა თადუმაძის და ირაკლი ნადარეიშვილის შემთხვევაში გაცილებით დიდი იყო ხმების გაყოფის შანსი (ვერც ერთ კანდიდატს ვერ მიეღო მინიმუმ ათი ხმა), ვიდრე თადუმაძის და შალვა შავგულიძის შემთხვევაში. დანარჩენს, დრო გამოაჩენს“, - აცხადებს სალაძე.
ცნობისთვის, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. საპროკურორო საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ შერჩეულმა კანდიდატებმა პირველ რიგში გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, ამის შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.
მთავარი პროკურორობისთვის სულ 21 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და შერჩევის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 18 კანდიდატურა განიხილებოდა.