სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილეები ზურაბ ლიპარტია და გიორგი იაკობაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.

„ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან შეიწამლება საყანე ფართობებიც,“ - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს და მისი თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.