თორნიკე რიჟვაძე - მზად ვარ წარვადგინო მთავრობის ახალი შემადგენლობა

მზად ვარ წარვადგინო მთავრობის ახალი შემადგენლობა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში რეგიონის განვითარებისთვის კონკრეტული გეგმით წარდგება. „ვფიქრობ, ის შემადგენლობა, რაც დღეს არის მინისტრთა კაბინეტში, არის დიდი კომპეტენცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი. ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ. მინდა გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.