ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2018

მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა

* * *

მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

"დაახლოებით 3 კვირაში "ქართული ოცნების" ხელისუფლების რიგით მეხუთე მთავარი პროკურორი დაინიშნება, დიდი ალბათობით, შალვა თადუმაძე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ გუშინ დასახელებულ 3 კანდიდატს შორის "ქართული ოცნებისთვის" უკონკურენტო ფიგურაა. იუსტიციის სამინისტრომ გუშინ მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი დაასახელა - შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი, რომელთაგან ერთი უნდა შეარჩიოს საპროკურორო საბჭომ. გამარჯვებისათვის კანდიდატმა ფარული კენჭისყრით 15-წევრიანი საპროკურორო საბჭოდან 10 ხმა უნდა მიიღოს. საბჭოში შედიან პროკურორები, ადვოკატები და დეპუტატები, უმრავლესობიდან ეკა ბესელია, უმცირესობიდან ოთარ კახიძე. საბჭოში შერჩეულ ერთ კანდიდატს შემდეგ მხარი უნდა დაუჭირონ მთავრობამ და პარლამენტმა. მთელ ამ პროცედურას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება და ახალი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მთავარ პროკურორად წულუკიანის ნათელმირონს ნიშნავენ?

უკვე ყველა უფლებადამცველისთვის ნათელია, რომ არჩევანი თადუმაძეზე შეჩერდება, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ადვოკატი იყო. ის თეა წულუკიანის ნათესავიცაა. თანაც, "ქართული ოცნების" დეპუტატები, უკვე რამდენიმე დღეა, ღიად აცხადებენ, რომ მათ თადუმაძე ძალიან მოსწონთ. გუშინ საპროკურორო საბჭოსთვის წარსადგენი 3 კანდიდატი სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა და ამის გამოც გაჩნდა კითხვები. მესამე სექტორი, რომელმაც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ბოიკოტი რამდენიმე კვირის წინ გამოუცხადა და პროცესში არ მონაწილეობს, აცხადებს, რომ დღეს დამატებითი კითხვები იმის გამოც აქვთ, რომ იუსტიციის სამინისტრო არ დაელოდა წულუკიანის სამსახურში დაბრუნებას და კანდიდატები მისმა მოადგილემ, სარჯველაძემ, წარადგინა. ორი კვირაა, თეა წულუკიანი შვებულებაში იმყოფება, სამსახურში ორშაბათს ბრუნდება და შეეძლო, პირადად მას წარედგინა კანდიდატები, რადგან, პროკურატურის შესახებ კანონის მიხედვით, მთავარი პროკურორობის კანდიდატები სწორედ იუსტიციის მინისტრმა უნდა წარადგინოს" - აღნიშნავს გამოცემა.

არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, წულუკიანი მოერიდა, პირადად მას წარედგინა თავისი ნათესავი მთავარი პროკურორის პოსტზე (წულუკიანი თადუმაძის შვილის ნათლიაა). "ჩვენთვის გაუგებარი და უცნაურია, რომ გადაწყვეტილებას ხელს აწერს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ის ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო შემთხვევა, რაზეც იყო საუბარი ერთ-ერთ კანდადატთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც ძალაში რჩება მიუხედავად იმისა, რომ წარდგინების უშუალო ხელმომწერი მინისტრი არ არის", - ამბობს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი სოფო ვერძეული. სამეულში ვერ მოხვდა ვერც ერთი მოქმედი პროკურორი. მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანდიდატების შერჩევაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ჩათვალა, რომ მოქმედი პროკურორებიდან არავინ შეერჩია. მისი თქმით, მთავარი პროკურორობის მსურველებს შორის სამი მოქმედი პროკურორი იყო - თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე, რომლებმაც მისი "სათანადო ყურადღება დაიმსახურეს", თუმცა სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, მათ შორის, პროკურატურის სამომავლო პერსპექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი მოქმედ პროკურორებზე არ შეჩერდა", - განაგრძობს გამოცემა.

"არადა, ერთ-ერთ მსურველად დარეგისტრირებული პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზეა პასუხისმგებელი, ქვეყნის პირველი პროკურორობისთვის ბრძოლაში შალვა თადუმაძის მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა. დასახელებული კანდიდატების შეფასებისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ შალვა თადუმაძის გასაყვანად იუსტიციის მინისტრმა საუცხოო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შალვა თადუმაძისა და ირაკლი ნადარეიშვილის შემთხვევაში გაცილებით დიდი იყო ხმების გაყოფის შანსი. როგორც სალაძე ამბობს, საპროკურორო საბჭოში სულ 15 წევრია, მთავარი პროკურორობის კანდიდატს კი, მინიმუმ, 10 წევრის მხარდაჭერა სჭირდება", - დასძენს გამოცემა.

"დასახელებული 3 კანდიდატიდან მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს შალვა თადუმაძე. შალვა შავგულიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა არ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი შერჩევის ეტაპზევე ჩამოეშორებინა პროცესიდან და ახლა ამ დავალებას მისცემს საპროკურორო საბჭოს. "ქართულმა ოცნებამ" უშუალოდ არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ თავად დაებლოკა მისთვის არახელსაყრელი კანდიდატი, როგორადაც ალბათ მე მოვიაზრები, მაგრამ ის ამ დავალებას საპროკურორო საბჭოს მისცემს. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია, აიძულოს "ქართული ოცნება" რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის პოზიცია", - განაცხადა შავგულიძემ. რაც შეეხება ნინო გოგნიაშვილს, ამ სამკაციან სიაში ის საზოგადოებისთვის უცნობია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. გოგნიაშვილის თქმით, მას აქვს საკუთარი ხედვა, როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა მთავარ საგამოძიებო უწყებაში და ამ ხედვას წარადგენს მომდევნო კვირაში, როდესაც საპროკურორო საბჭოს წინაშე წარდგება", - წერს სტატიის ავტორი.

"საპროკურორო საბჭოს წევრი "ოცნებიდან" ეკა ბესელია თავს იკავებს საკუთარი ფავორიტის დასახელებისგან, თუმცა ადასტურებს, რომ თადუმაძე არის პროფესიონალი და სანდო პიროვნება. საბჭოს მეორე პოლიტიკოსი წევრი ოთარ კახიძე კი აცხადებს, რომ ის, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს შალვა შავგულიძეს, რომელიც მისმა პარტიამ წარადგინა. განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტშიც. შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა", რადგან, მათი აზრით, გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, "შერჩევის კრიტერიუმი კი იქნება პირადი ერთგულება და შავბნელი საქმეების შესრულება". "ოცნებაში" კი არ მალავენ, რომ მათი ფავორიტი თადუმაძეა. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, როცა მის არჩევანზე მიდგება საქმე, თადუმაძეს დაუჭერდა მხარს, რადგან "ის პოლიტიკურ მიკერძოებაზე მაღლა დგას", - დასძენს სტატიის ავტორი.

რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის

"ლარსის სასაზღვრო პუნქტთან შეფერხების გამო ექსპორტიორებს გზის გაგრძელება ისევ უჭირთ. მათი თქმით, აგრარული პროდუქტით დატვირთულ თითო მანქანას 2 დღე უწევს რიგში დგომა, რაც ექსპორტს საფრთხეს უქმნის. ალტერნატიულ გზას ექსპორტიორები ჯერჯერობით არ ეძებენ. რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივ პრობლემა არ არის და მეწარმეები თავისუფლად ახერხებენ საზღვარზე ტვირთის შემოტანას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან უცხონომრიანი მანქანები შეუფერხებლად მოძრაობენ, ქართველ მძღოლებს კი რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზესი რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია - მებაჟეთა განცხადებით ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი ტურისტებისა და მათი მსუბუქი მანქანების მომსახურებაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიში სათაურით რუსეთი ლარსზე პრობლემებს სპეციალურად ქმნის / საქართველოდან ექსპორტს ყველანაირ ბარიერს უქმნიან, რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტი კი უპრობლემოდ შემოდის.

"ამასობაში კი პრობლემა ექმნებათ ქართულ კომპანიებს და ფერმერებს, რომლების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ეწევიან. სახმელეთო გზით მალფუჭებადი აგროპროდუქტების გადატანის შეფერხებამ პრობლემა განსაკუთრებით შეუქმნა ატამს, რომლის რეალიზაციის მთავარი ბაზარიც რუსეთია. "ტვირთის გადატანა თუ ასე გაგრძელდა, რიგში დგომა რამდენიმე დღე მოგვიწევს. გზა არ ჩაკეტილა, მაგრამ შეზღუდვის გამო დიდ პრობლემას ვაწყდებით... თუ ასე გაგრძელდა გადამზიდავებიც დაზარალდებიან და ფერმერებიც, ყველა, ვინც ხილის ექსპორტშია ჩართული. არავინ გვეუბნება როდის მოიხსნება შეზღუდვა. კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ კონკრეტულ პასუხს არავინ გვაძლევს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქართული ხილის ექსპორტიორი კომპანიის "ფრუტილიას" დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟაშვილი... არსებული ვითარების მიუხედავად, ტვირთის გატარების ალტერნატიულ გზებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ფერმერ გიზო ხუროშვილის თქმით, სხვა გზით პროდუქტის გატანა დიდ ხარჯს მოითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში მიიღებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ასეულობით მანქანაა გაჩერებული და კაცმა არ იცის, როდის მოგვეცემა გასვლის უფლება. რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ მომენტში არანაირად არ ველოდი ასეთი დაბრკოლებას. ტურიზმს იმიზეზებენ, მაგრამ არ მგონია ასე იყოს საქმე. ამ შეზღუდვის უკან ძალიან ბნელი ზრახვა ჩანს, რაც საქართველოსთვის ზარალის მიყენებას გულისხმობს", - მიიჩნევს გიზო ხუროშვილი. მძღოლები საუბრობენ იმაზეც, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ვითარება აბსოლუტურად უკონტროლოა და ბოლო დროს რიგის დაცვაც კი შეუძლებელი გახდა - "მდგომარეობა ძალიან ცუდია. ავტოსადგომი აქვთ ხელოვნურად მოწყობილი, სადაც გადაგვიყვანეს. ირგვლივ საშინელი მტვერია, საზღვარზე მხოლოდ უცხოურ ავტომანქანებს ატარებენ რიგის გარეშე, ჩვენ შემდეგ მოსული უცხოური მანქანები ყველა გავიდა, ჩვენ ისევ ვდგავართ. ავტოსადგომზე დგომისთვის ვიხდით 12,30 ლარს, გვაძლევენ ნომერს, რომლის მიხედვითაც უნდა გავიდეს რიგი, მაგრამ ამას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, რადგან მონიტორი ითიშება და რიგის დაცვა შეუძლებელია", - აღნიშნავს ერთ-ერთი მძღოლი ავთანდილ შავაძე", - განაგრძობს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ შექმნილ სიტუაციაში იმპორტიორები არ დაზარალებულან,როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, ასოციაციაში არ შესულა არც ერთი განცხადება ლარსის სასაზღვრო პუნქტზე ტვირთის შემოტანის შეზღუდვასთან დაკავშირებით. საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" კვირაზე მეტია შეფერხებით მუშაობს. 400-500 სატვირთო ავტომობილის ნაცვლად, დღე-ღამეში 240-მდე მანქანა ატარებს", - წერს სტატიის ავტორი.

კატასტროფა - მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში საშუალოდ ერთი ადამიანი იხრჩობა

"ბოლო პერიოდში უამრავი მოზარდი თუ ზრდასრული ადამიანი დაიხრჩო. რას ეწირებიან ისინი, მხოლოდ თავიანთ უყურადღებობას თუ საზოგადოებისა და ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას? ზღვებსა თუ ტბებზე სეზონი ძირითადად მაისის თვიდან იხსნება, როდესაც სიცხე ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდება. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც ამ დროს იმატებს ხოლმე. წელს ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა - 2 დღე არ გავა, არ გავრცელდეს ინფორმაცია დაკარგულებისა და წყალში დამხრჩვალი ადამიანების შესახებ - 1 მაისიდან დღემდე 32 ადამიანი დაიხრჩო მდინარეებზე, ტბებზე, ზღვავზე, წყალსაცავებზე. ამ სტატისტიკით, ყოველ მეორე დღეს თითო ადამიანი წყლის მსხვერპლი ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მაისიდან მოყოლებული, ორ დღეში, საშუალოდ, ერთი ადამიანი იხრჩობა / ეს არის კატასტროფა, ასეთი რამ წინა წლებში არ მომხდარა.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველთა რაოდენობა თითქმის 30%-ით გაიზარდა, საბანაო სივრცეში განთავსდა 70-მდე დამატებითი სამშველო კოშკურა, თუმცა ეს მხოლოდ შავიზღვისპირეთს ეხება. რაც შეება მდინარეებსა და ტბებს, ისინი თითქმის არ კონტროლდება. შედეგიც შესაბამისია - უბედური შემთხვევების დიდი წილი წელს სწორედ წყალსაცავებსა და მდინარეებზე მოდის... სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ვაჟა გაბაიძის თქმით, უბედური შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა, რაც ალბათ ადამიანთა უყურადღებობით და მაშველთა არასაკმარისი რაოდენობით იყო გამოწვეული. "არაერთხელ გაგვიფრთხილებია და აგვიკრძალავს, საბანაოდ განკუთვნილ ადგილებს არ გასცდენოდნენ, თუმცა ყველა მაინც ისე იქცევა, მოსალოდნელ საფრთხეზე ნაკლებად ფიქრობს... აუცილებელია სხვა გზის გამონახვა, თორემ ფაქტია, ვითარება ყოველწლიურად რთულდება და ზოგან უკონტროლოც კია", - ამბობს გაბაიძე. მისივე განმარტებით, ბევრ ქვეყანაში არსებობს მოხალისე მაშველთა ჯგუფები და თუკი ამაშიც მივბაძავდით ევროპას, ეს მხოლოდ სასიკეთოდ შეცვლიდა ვითარებას და მაქსიმალურად შეამცირებდა უბედურ შემთხვევათა რიცხვს. თუმცა ვინაიდან ეს გარკვეულ ხარჯს მოითხოვს, ალბათ ასეთი დამატებითი სამაშველო ჯგუფების შექმნის იმედი არც უნდა გვქონდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნათელია, რომ სიცოცხლისთვის საშიშ ბევრ ადგილს სათანადო ყურადღება არ ექცევა. მაგალითად, ხაშურთან ახლოს ხელოვნურად დაგუბებულმა წყალმა რამდენიმე დღის წინ 2 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, გუშინ კი ტყიბულში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო. გარდა ამისა, მაშველებს წყლიდან ყოველდღე ამოჰყავთ როგორც ბავშვები, ასევე ხანდაზმულები. "რეზონანსის" მცირე გამოკითხვის მიხედვით, ხალხი სახელმწიფოსგან ითხოვს სათანადო ზომების მიღებას და ფატალური შემთხვევების შემცირებას, თუმცა ბევრი იმასაც ამბობს, რომ უამრავი ადამიანი ძალით უქმნის საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს, მით უმეტეს როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი შედიან წყალში - "ერთი რამ არ მესმის, თუ ცურვა არ იცი, წყალს რატომ უნდა გაუთამამდე? ხომ შეიძლება ღრმად არ შეხვიდე. თითქოს ეს ყველამ იცის, მაგრამ... მარტო მაშველმაც რა უნდა ქნას? ხშირად არ ემორჩილებიან. წყალში შედიან მთვრალები, არის ისეთი შემთვევებიც, როდესაც ვიღაც ცდილობს საფრთხეში მყოფის გადარჩენას და ამ დროს უცოდინრობითა თუ ემოციურობით საფრთხეს საკუთარ თავსაც უქმნის", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას 23 წლის ბერიკა თაგვიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო