„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.

მათივე ცნობით, ჯამში, პიარ სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარ აქტივობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, პიარ აქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”) მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

“ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარ მომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.

ჩვენ მიერ შესწავლილი მონაცემები მიუთითებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო დანახარჯები მკვეთრად მზარდია“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში, რომელიც საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა.

ამასთან, რეკლამასა და პიარ ღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, ისევე როგორც პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების ოდენობამ, საარჩევნო 2016 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში ცალკე პუნქტად მოხვდა მთავრობის ადმინისტრაცია, ორგანიზაციის ცნობით, 2013-2017 წლებში (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მონაცემები მოიცავს 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის პერიოდს.

“გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა “ასავალ დასავალი” და “ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე მოხვდა იმ მედიების სიაში, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო. გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით. მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთხოვლი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.