ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა პროცედურულ საკითხებზე დეპუტატებს შორის მომხდარი კამათის გამო დროებით შეწყდა.
მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებთან კითხვების დასმა დაასრულეს, სიტყვა უმრავლესობის წევრებს გადაეცათ. დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე კომისიის ყველა წევრს მოუწოდა, ნებისმიერი მოწმისთვის კითხვების დასმის შემდეგ პასუხებსაც მოუსმინონ.
ამის შემდეგ დეპუტატებს შორის შეკამათება დაიწყო, თუმცა მათ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მოუწოდა დამშვიდებულიყვნენ და ანრი ოხანაშვილისთვის გამოსვლის დასრულების შესაძლებლობა მიეცათ. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება, რომელშიც მათ შორის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, უმცირესობის წევრები ელენე ხოშტარია და სერგო რატიანი მონაწილეობდნენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
კომისიის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილს მოუწოდა, პროცედურული საკითხი კომისიის სხდომის ბოლოს დაეყენებინა, მას შემდეგ, რაც გამომძიებლების დაკითხვა დასრულდებოდა, თუმცა ოხანაშვილმა თავისი გამოსვლა მაინც განაგრძო.
ამის შემდეგ სერგი კაპანაძემ გადაწყვეტილება მიიღო, კომისიის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და სხდომა შეწყდა.