ირაკლი აბესაძე - არასრულწლოვნები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე, რაც კანონის დარღვევაა

გამომძიებლების შალვა ბედოიძისა და ირაკლი ფიფიას მხრიდან მუდმივად იყო კანონების აღრევა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. ამით მან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც “ევროპული საქართველო“ პროცესის არასწორი გზით წაყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. ირაკლი აბესაძის თქმით, გამომძიებლების მხრიდან იყო კანონების აღრევა, როგორც ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების, ასევე საპოლიციო გამოკითხვის დროს.

„შალვა ბედოიძის და ირაკლი ფიფიას მხრიდანაც მუდმივად იყო კანონების აღრევა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისას თუ პოლიციის შესახებ კანონის ფარგლებში ჩატარებული საპოლიციო გამოკითხვისას“, - განაცხადა აბესაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, არასრულწლოვნები ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე, რაც დეპუტატის თქმით, კანონის დარღვევაა.

„ისინი გამოკითხულები იყვნენ ღამის განმავლობაში, გამოიკითხნენ ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი დარღვევით, შესაბამისი ოქმები და პროცედურები ჩატარებული არ არის. წერილობით მოგიწევთ პასუხის გაცემა იმაზე თუ რომელი პოლიციელები ატარებდნენ ამ საპოლიციო ღონისძიებას და რატომ არ შედგა ოქმი“, - განაცხადა აბესაძემ.

ირაკლი აბესაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა, რომ პოლიციის შესახებ კანონი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ არასრულწლოვნები მთელი ღამის განმავლობაში ჰყოლოდათ პოლიციის შენობაში.

„ქალბატონო სოფო, მართლა გასაოცარია, რომ თქვენ გაინტერესებთ მშობელმა გააპროტესტა თუ არა, რომელმაც არც კანონმდებლობა იცის და იმ წუთას მძიმე მდგომარეობაშია და არ გაინტერესებთ რატომ არღვევდნენ პოლიციელები კანონს. პოლიციის შესახებ კანონის არც ერთი მუხლი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ არასრულწლოვნები მთელი ღამის განმავლობაში ჰყოლოდათ პოლიციის შენობაში“, - განაცხადა აბესაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა