სერგი კაპანაძე - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ საგამოძიებო კომისიის ნეგატიური შეფასებისგან

სამწუხაროა, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს მოახდინოს სამუშაო პროცესის პოლიტიზირება, იმიტომ რომ არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები და შეიძლება არ აკმაყოფილებდეთ პასუხები მოწვეული ადამიანების მხრიდან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკვე ნეგატიური შეფასებისგან კომისიის მუშაობის მიმართ, ვინაიდან ეს ახდენს კომისიის მუშაობის დისკრედიტაციას.

„კომისიის ყველა წევრს ჰქონდა უფლება დაესვა ყველა შეკითხვა და მოწვეულ პირებსაც ჰქონდათ საშუალება გაეცათ პასუხები. ძალიან სამწუხაროა, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს მოახდინოს ამ აბსოლუტურად სამუშაო პროცესის პოლიტიზირება, იმიტომ რომ არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები და იმიტომ რომ შეიძლება არ აკმაყოფილებდეთ პასუხები მოწვეული ადამიანების მხრიდან. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ნეგატიური შეფასებისგან კომისიის მუშაობის მიმართ, ეს ახდენს კომისიის მუშაობის დისკრედიტაციას. ყველას უნდა ესმოდეს რომ უმჯობესია კომისიის ფორმატში დაისვას კითხვები, ვიდრე კომისიის მუშაობა იყოს შეფერხებული და ეს კითხვები დაისვას სხვაგან“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვაც შეაფასა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრებმა კითხვების ნაწილზე პასუხები ვერ მიიღეს.

„დაკითხვების დროს გამოიკვეთა, რომ გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პროკურატურის ვერსიას და შსს-ს ვერსიას შორის, ეს წინა სხდომაზე მოხდა.

კონკრეტულად კი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მ.კ.-ს ლოკაციასთან დაკავშირებით თუ სად იმყოფებოდა ის ჩხუბის განმავლობაში, პროკურატურის ვერსიაა, რომ ის იმყოფებოდა ჩხუბის დროს ფარდულიდან 8-9 მეტრის მანძილზე და იქედან ხედავდა როგორ აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს, რაც არ დაადასტურა შსს-მ. სამინისტრომ გააკეთა განმარტება, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე და გამოძიებიდან, რომელიც მათ აწარმოეს, ეს ვერსია არ დასტურდება, ჩვენ, ალბათ, გვექნება კიდევ საშუალება პროკურატურის წარმომადგენლებთანაც, უფრო მაღალ დონეზეც შესაძლოა განვიხილოთ რამ გამოიწვია ეს აზრთა სხვადასხვაობა. ასევე გავაგრძელებთ შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვას, ალბათ, უფრო მაღალ დონეზეც, ამაზე კომისია ძალიან მალე გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს წინასწარ სია იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ კომისიაზე და მათ შორის არის შს მინისტრიც“, - განაცხადა კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შეკამათება რამდენჯერმე მოხდა. უმრავლესობის და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და პროცესუალურ საკითხებზე დაობდნენ. ამის გამო სხდომის მუშაობა რამდენიმე წუთით შეწყდა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები დაკითხეს. ამჟამად კი, 51-ე სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის დაკითხვა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა