თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე იმ დეტალებზე საუბრობს, რაც ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის დაჭრის შემდეგ ნახა

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, თინათინ ყენიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ რამდენიმე წუთში, როცა მას დაურეკეს და შემთხვევის ადგილზე მივიდა, არც სასწრაფო და არც პოლიცია ადგილზე ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა.

ყენიამ განცხადება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

“მე ვიყავი სადისციპლინო კომისიის სხდომაზე, რა დროსაც დამირეკა ერთ-ერთმა მასწავლებელმა და მითხრა, რომ დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო. მე მაშინვე გავიქეცი ხორავას ქუჩისკენ და ადგილზე მისვლისას პირველი ა.ბ. შემეჩეხა. მან მითხრა, რომ არ მომშორდებოდა გვერდიდან, ვინაიდან რაღაც ნახა. ამის შემდეგ ორივე წავედით და ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა. ის ვიღაცას ეჭირა მხრებით, თუმცა ზუსტად არ მახსოვს ვის. ჩვენი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. სულ სისხლიანი იყო და ორივე მხარში ხელი მოვკიდე. როცა შევეხე, თავი ცუდად გადააგდო. ამ დროს ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა დათოსაც უჭირსო და წავედით დათოსკენ. მახსოვს ვყვიროდი, ხალხნო, იქნებ ვინმემ მანქანით გადავიყვანოთ ეს ბავშვი-თქო. ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ იქ სასწრაფო არ იყო და არც პოლიცია. ჩემს შემდეგ მოვიდა ორივე. შევედი თაღში და დავინახე დათო, რომელიც იწვა ბოძთან, სისხლის გუბეში. თავზე ვიღაც კაცი ედგა, დათოს თვალები გახელილი ჰქონდა და ვუყვიროდი, დათო, ხომ მხედავ-თქო. დედიკოთი მივმართავდი, იმიტომ რომ კალთაზე მყავდა გამოკერებული. დედა ჰყავდა ემიგრაციაში. მე სია მაქვს იმ ბავშვების, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს მშობელი და მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ვიცი ეს რაც არის, მე თავადაც ვიყავი ემიგრანტი, ამიტომ ჩემთვის დათო იყო შვილივით. ვეუბნებოდი თვალები არ დაეხუჭა და ესუნთქა. მერე ისევ გამოვიქეცი ლევანთან, რადგან დათოსთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დავინახე და მინდოდა ორივე ადამიანთან ვყოფილიყავი. არკიდან გამოსვლისას უკვე სასწრაფო დახმარება მოვიდა და ორივე ბავშვთან ექიმებს მივეცით საშუალება, რომ დახმარებოდნენ“, - განაცხადა თინათინ ყენიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ის ა.ბ.-სთან ერთად პოლიციაში წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

"მივმართავდი დედიკოთი, ესე მყავდა ეს ბავშვი გამოკერებული კალთაზე" - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე ემოციები ვერ შეიკავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო