ნინო ლომჯარია - ვერ გეტყვით რა იგულისხმა ზაზა სარალიძემ რადიკალურ ნაბიჯებში- შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამოძიება სტრატეგიული გეგმით მიმდინარეობს

ჩემთან საუბარში პროკურატურამ დაადასტურა, რომ პარლამენტის მხრიდან მათ ოფიციალურად არ აქვს მიღებული ის რეკომენდაციები, რაც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გასცა, ამიტომ ამ ჭრილში საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას - არსებობს, თუ არა საკმარისი საფუძველი იმისა, რომ მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„რაც შეეხება იმას, ვის უნდა წარედგინოს ბრალი და ვის - არა, ჩვენ გარკვეული პოზიციები გვაქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეხება კონკრეტულ პირებს, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველი ვარ, საჯაროდ თავს შევიკავებ ამ პოზიციების დაფიქსირებისგან", - განაცხდა ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა იგულისხმა ზაზა სარალიძემ, როდესაც თქვა, რომ მას შსს რადიკალური ნაბიჯის გადადგმას დაპირდა.

„მე ვერ გეტყვით კონკრეტულად, რა იგულისხმა ბატონმა ზაზამ რადიკალურ ნაბიჯებში, თუმცა მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს კონკრეტული, რაღაც სტრატეგიული გეგმით. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ალბათ,რაღაც გარკვეული დროც გვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ რამდენად შედეგის მომტანი იქნება ის, რაც დასახული აქვს გამოძიებას. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული ნება და ხედვა დავინახეთ დღეს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, დღეს პროკურატურაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურაა გამოძიებაზე ზედამხედველი და პირის მიმართ დევნას იწყებს და ამ მიმართულებით, რადგან ჰქონდა კითხვები ბატონ ზაზას, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა გვესაუბრა დღეს პროკურატურაში. იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე, გამოძიების სტრატეგიაზე და გეგმებზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ საუბრისგან. სწორი არ იქნება იმაზე ვისაუბრო, რა გარემოებებზე იყო საუბარი, თუმცა საუბარი იყო როგორც საგამოძიებო სტრატეგიაზე, ასევე სამართლებრივ მხარეზეც. ჩვენც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები. სახალხო დამცველი მხარს უჭერს, რომ საქმე წარიმართოს სამართლებრივ ჭრილში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ მორიგი შეხვედრა კიდევ გაიმართოს, თუმცა შეხვედრის თაობაზე კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი დისკუსიის რჟიმში გადავიდა და ყველა მხარე არის ჩართული, არამხოლოდ შსს, არამედ უკვე პროკურატურა. რამდენად ვიზიარებ პროკურატურის პოზიციას, ეს მეორე საკითხია, თუმცა კმაყოფილი ვარ, იქიდან გამოდინარე, რომ ჩვენ შევძელით ყველა მხარის ჩართულობით კონკრეტულ სამართლებრივ და ფაქტობრვ გარემოებებზე გვემსჯელა. ამიტომ მხარს ვუჭერ პროცესის გაგრძელებას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ორი რეკომენდაციით გამოვიდა. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა