შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები უკავშირდება იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ ვითარდებიან და ხშირად გამართულად მუშაობას ვერ ახერხებენ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ზვიად აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებდით უკანასკნელი თვეებში შიდა პოლიტიკაში მომხდარ პროცესებს? მხედველობაში მაქვს მაისის ქუჩის აქციები, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, ახალ პრემიერად მამუკა ბახტაძის გახდომა და მმართველი გუნდის მიერ სტრუქტურული ცვლილებებისათვის პროექტის მომზადება, რომელსაც მალე პარლამეტი მხარს დაუჭერს...

- სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები ისე არ ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ხშირ შემთხვევაში სახეზე გვაქვს უცაბედი გადაწყვეტილებები, რომლის უკანაც ზუსტი შინაარსის წაკითხვა ჭირს. ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე უამრავი ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, მაგრამ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ძნელი სათქმელია.

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები ისე არ ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს

ამაზე ისიც მიუთითებს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეეების გამოჩენას არ მოჰყოლია ქვეყნის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ახალი იდეებისა და ახალი ხედვების საჯარო სივრცეში მოხვედრა. მაისის აქციებიც იმის გამოვლინება გახლდათ, რომ ქვეყანაში ბევრი რამ დინამიურად ვერ ვითრდება, მსზე რეაქცია უკიდურეს ფორმებს იძენს. მე არ ვსაუბრობ იმაზე, ქუჩის აქციებზე გაჟღერებული იდეები მართალი იყო თუ არ იყო მართალი.

ვიმეორებ, შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები უპირველესად უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტები არ ვითარდებიან და უმეტეს შემთხვევაში გამართულად მუშაობას ვერ ახერხებენ.

- იმის გათვალისწინებით რომ “ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, მმართველ გუნდს არც მთავრობის დამტკიცების პრობლემა არ ექნება და არც სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების. მაგრამ, გაუგებარია როგორ აპირებს ხელისუფლება სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრად შემცირების გარეშე...

- ცოტა ხნის წინაც მოხდა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება, მაგრამ ბიუროკრატიის რადიკალურ შემცირება არ მომხდარა და ამ შემცირებებს მართვის ეფექტიანობის თვალსაზრისით არანაირი შედეგი არ ჰქონია.

განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები არ ტოვებს განცდას, რომ ხელისუფლებას აქვს ეფექტური მართვის ახალი და გააზრებული კონცეფცია და მან იცის თუ როგორ განახორციელებს ბიუროკრატიის უმტკივნეულოდ შემცირებას. თუ ბიუროკრატიის მნიშვნელოვან შემცირებასთან არ გვაქვს საქმე, მაშინ საერთოდ გაუგებარია რატომ ხდება სამინისტროების შერწყმა.

განსახორციელებელი სტრუქტურული ცვლილებები არ ტოვებს განცდას, რომ ხელისუფლებას აქვს ეფექტური მართვის ახალი და გააზრებული კონცეფცია და მან იცის თუ როგორ განახორციელებს ბიუროკრატიის უმტკივნეულოდ შემცირებას

რა თქმა უნდა, ბიუროკრატია რაც მცირე და ეფექტურია უკეთესია, ვინაიდან ბიუროკრატიის ხარჯი საზოგადოებას ნაკლებად დააწვება, მაგრამ მექანიკური შემცირება სულაც არ ნიშნავს, რომ მართვის თვალსაზრისით რამე ახალ კონცეპტუალურ ხედვებთან გვაქვს საქმე. მე მაინც მგონია, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებები ბოლომდე კარგად გააზრებული არაა. ცხადია, მომხდარი პიროვნებებს შორის შეთანხმების შედეგია, მაგრამ არა მგონია, იგი გრძელვადიან პესრპექტივაზე იყოს გათვლილი. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ სტრუქტურული ცვლილებების უკან საჯარო სამსახურის გაუმჯობესების სტრატეგიას ვერ ვხედავ.

- ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის გამჭვირვალედ საქმიანობამ დაგვანახა, რომ შსს-სა და პროკურატურის სისტემაში იმაზე გაცილებით ცუდი ვითარება გვაქვს, ვიდრე გვეგონა. ვგულისხმობ იმას, რომ არ გვყოლია არც კვალიფიციური პროკურორები და არც კვალიფიციური გამომძიებლები.

იუსტიციისა და საპროკურორო საბჭოების დაშლისა და ახალი ხალხით დაკომპლექტების აუცილებლობაზე ბევრი კი საუბრობს, მაგრამ ხელისუფლება ამ საუბრებს არც იმჩნევს. მეტიც, მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შვებულებაში მყოფი თეა წულუკიანის ნაცვლად, მისმა მოადგილემ წარადგინა. რა უნდა ვიფიქროთ - მთავარი პროკურორობის კანდიდატები მინისტრ წულუკიანის მიერ არაა შერჩეული, თუ მას ამ პროცესში მონაწილეობა მიღებული აქვს?

- როგორც ჩანს, პროკურატურას, როგორც გარკვეულ წილად არაავტონომიურ საგამოძიებო სახელისუფლო სტრუქტურას, პრობლემები აქვს. ეს პრობლემები მას სსრკ-ს არსებობის პერიოდიდან მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში რეფორმებიც გატარდა, მასში ახლა ბევრი ახალი ხალხიც მუშაობს, ბოლო მოვლენები იმის მანიშნებელია, რომ ამ სტრუქტურაში საბჭოური ტრადიცია საკმაოდ მძლავრადაც არსებობს. ვგულისხმობ სხვადასხვა მიზეზთა, მათ შორის პოლიტიკური მოტივების გამო გარკვეული საქმეების ჩაფარცხვის პრაქტიკას.

მთავარი პროკურორის შერჩევაში წულუკიანის აზრი იქნებოდა გათვალისწინებული, ვინაიდან იგი არა მარტო მინისტრია, არამედ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა

შესაბამისად, მთავარი პროკურორის დანიშვნაც და ისიც, თუ ვინ იქნება იგი, ამ ლოგიკიდან მომდინარეობს. პრობლემა არა კვალიფიური პროკურორებისა და გამომძიებლების არყოფნაშია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს არ უნდათ გახმაურებული საქმეების გამოძიება. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს თავად პროკურატურაში მომუშავე ადამიანების ნაცნობ-მეგობრობას და გარკვეულ საქმეებში უკანონო ჩარევასა და ხელის დაფარებას.

მთავარი პროკურორის შერჩევაში წულუკიანის აზრი იქნებოდა გათვალისწინებული, ვინაიდან იგი არა მარტო მინისტრია, არამედ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

- თუ ხელისუფლების მიერ შერჩეული მთავარი პროკურორობის სავარაუდო კანდიდატებით ვიმსჯელებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება პროკურატურის სისტემაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება?

- არ გამოვრიცხავ, რომ პროკურატურაში სტრუქტურული განახლება და ცვლილებები მოხდეს, მაგრამ, როცა პროკურატურა მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით ვერ იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პროკურატურასთან მიმართებით სხვა ტიპის პრობლემებთან გვაქვს საქმე.

როცა პოლიტიკური ინსტიტუტი გამართულად ვერ ფუნქციონირებს, პრობლემა პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციაში კი არა, უპირველესად და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებაში პოლიტიკურ ნების არქონაშია.

შესაძლოა, პრობლემა ისაა, რომ პროკურატურას, როგორც საგამოძიებო ორგანოს, არა აქვს იმ დონის ავტონომიურობა, რომელიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა

ასე რომ არ ყოფილიყო პარლამენტს არ დასჭირდებოდა ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა. პროკურატურაში სხვადასხვა ჯგუფების გავლენების გამო ამ სტრუქტურის საქმიანობა ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. ვიმეორებ, შესაძლოა, პრობლემა ისაა, რომ პროკურატურას, როგორც საგამოძიებო ორგანოს, არა აქვს იმ დონის ავტონომიურობა, რომელიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა.

- უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე მთავარი პროკურორის ვინაობის გარდა, ასევე აქტუალურია თუ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიტატი. დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, მმართველ გუნდს გაუჭირდება უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ ვინ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?

- ამ კითხვაზე პასუხი თავად მმართველ გუნდში არ აქვთ და შესაბამისად მეც გამიჭირდება მასზე კონკრეტული პასუხის გაცემა. ჩემი აზრით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად ისეთ პერსონას შეარჩევს, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური წონა და საზოგადობაში დიდი ცნობადობა არ ექნება. სხვა შემთხვევაში, ეს წინააღმდეგობაში მოვა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულებასთან.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ითხოვს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გასაგებ მიზეზთა გამო სააკაშვილის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია.

მაგრამ მმართველმა გუნდმა უკვე გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ მარგველაშვილს აღარ ჰქონდეს საკონსტიტუციო უფლება მოქალაქეობის მინიჭებაზე.

რა უნდა ვიფიქროთ - „ქართულ ოცნება“ არაა დარწმუნებული, რომ მარგველაშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენს და იმიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯები თუ მმართველ გუნდს არ ასვენებს სააკაშვილის ქართულ პოლიტიკურ მოედანზე გამოჩენის ალბათობა?

- შესაძლოა, ერთიც იყოს მიზეზი და მეორეც. პრეზიდენტი რომც არ შეეზღუდათ ამ უფლებამოსილებაში, მარგველშვილი მაინც არ მიიღებდა გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე. იგი ასე თუნდაც იმიტომ მოიქცეოდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მას თავად ბევრ იურიდიურ ჩიხში შეიყვანდა.

შესაძლოა, პროცედურულად არც იყოს ცუდი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა სხვა სტრუქტურებმა მიიღონ მონაწილეობა. არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი მარტო სააკაშვილს არ უკავშირდებოდა

შესაძლოა, პროცედურულად არც იყოს ცუდი, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა სხვა სტრუქტურებმა მიიღონ მონაწილეობა. არ გამოვრიცხავ, რომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი მარტო სააკაშვილს არ უკავშირდებოდა.

- ექსსპიკერმა, მოძრაობა “შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი. მისი თქმით, ახლა როცა „ქვეყანა თავზე გვენგრევა“ პოლიტიკურ სცენაზე „ქოცები", „ნაცები“ და პრორუსული პარტიები არიან, იგი მზადაა მარგველაშვილთან ერთად შევიდეს ახალ ბრძოლაში.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი ტელეფონით ესაუბრა დავით უსუფაშვილს და იგი მას ნატოს სამიტის შემდეგ შეხვდება.

როგორ შეაფასებდით დავით უსუფაშვილის შეფასებას ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებაზე? იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილმა დაითვალისწინა დავით უსუფაშვილის მოწოდება, სავარაუდოდ, რამდენად ანგარიშგასაწევი იქნება მარგველაშვილი, როგორც დავით უსუფაშვილის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი?

- უსუფაშვილის მიმართვა გახლავთ პრეზიდენტისათვის ერთად მოქმედების სტრატეგიის შეთავაზება. მეეჭვება რომ მარგველაშვილისა და უსუფაშვილის ტანდემი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის საფუძველი გახდეს. დღეისათვის მმართველი გუნდის ხელში საკმაოდ დიდი რესურსებია თავმოყრილი და კონსტიტუციით განსაზღულ იმ ვადაში, ვიდრე ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, იგი ასე მარტივად არ დაუშვებს მისი ალტერნატიული ძალის გაჩენას.

გარდა ამისა, მარგველაშვილიცა და უსუფაშვილიც იმ პოლიტიკოსებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ასპარეზზე გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩდნენ. შესაძლოა მათ მიმართ კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდეთ სიმპათია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროიდან წამოსულ პოლიტიკოსებს საზოგადოებაში დაკარგული აქვთ ნდობა და ავტორიტეტი. ამის გათვალისწინებით მე მეეჭვება, რომ მათ უახლოეს მომავალში ხელისუფლების დამოუკიდებელი პოლიტიკური ალტერნატივა შექმნან.

მარგველაშვილისა და უსუფაშვილის უკან არ ჩანს ისეთი რესურსი, რომლის მობილიზაციის შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა

მარგველაშვილისა და უსუფაშვილის უკან არ ჩანს ისეთი რესურსი, რომლის მობილიზაციის შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილი საკმაოდ წარმატებული პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

მაგრამ მან სპიკერობისასაც კი ვერ შეძლო იმაზე მეტი ავტორიტეტისა და გავლენის მოპოვება, რაც თანამდებობაზე ყოფნისას ჰქონდა. ასეა მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულ დონეზე საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში იგი ავტორიტეტით სარგებლობს. მაგრამ ეს არ გახლავთ იმის გარანტი, რომ იგი ძლიერ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.

- რამდენად სავარაუდოა, რომ დავით უსუფაშვილის მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი იმ იმედით იყოს გაკეთებული, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი თავად იტყვის უარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და უსუფაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობას დაუჭერს მხარს?

- ვარაუდის დონეზე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ უსუფაშვილს შესაძლებელია ჰქონდეს ასეთი განზრახვა. რა განზრახვაც არ უნდა ჰქონოდა მას, მე მაინც მგონია, რომ ის განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიიღებს. თუმცა, ვნახოთ და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ან თავად შექმნის პოლიტიკურ პარტიას, ანაც თავად გახდება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი.

ინფორმირებული ადამიანების მტკიცებით, გადადგომამდე პრემიერი კვირიკაშვილი აშშ-ში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მან იცოდა, რომ თანამდებობიდან გადადგომას მას „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი მოსთხოვდა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე კვლავ გამოჩნდეს ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი?

- მე მეეჭვება, რომ კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს. ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგაც იყო ვარაუდები, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

კვირიკაშვილს პოლიტიკაში დამოუკიდებლად გამოჩენის რესურსი არ გააჩნია და მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას ამის სურვილი არ გააჩნდეს

კვირიკაშვილის შემთხვევაშიც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ, კვირიკაშვილს პოლიტიკაში დამოუკიდებლად გამოჩენის რესურსი არ გააჩნია და მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას ამის სურვილი არც გააჩნდეს. შესაძლოა, კვირიკაშვილი ამერიკელების მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ შემდეგ შედგა შეთანხმება, რომ იგი აღარ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი.

- სპორტის სასახლეში მღვდლებისა და მრევლის ნაწილის ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელსაც საპატრიაქრო გაემიჯნა. ამ ღონისძიების ჩატარებას საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური განცხადებები უძღოდა წინ.

მხედველობაში მაქვს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ყრილობის უკან მღვდლების გარდა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებიც იდგნენ. საინტერესოა ისიც, რომ თავიდან ყრილობას მკვეთრად უნდა გაეკრიტიკებინა ხელისუფლება პროდასავლური საგარეო კურსის გამო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოეთხოვა.

სხვათა შორის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ემხრობა მმართველი გუნდის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი. ქართულ ეკლესიაში რომ უცნაურადაც კი ვითარდება პროცესები, კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რა ხდება ეკლესიის წიაღში და თქვენ როგორ შეაფასებდით სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობას?

- ეს და მსგავსი ტიპის თავყრილობები ადასტურებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალების კრიზისია და ბევრი ცდილობს ახალი ალტერნატიული ცენტრების შექმნას.

სასულიერო პირების ნაწილისა და მრევლის მხრიდან ქვეყნის დასავლური კურსით უკმაყოფილება ახალი არაა. ჩვენში სულ განიხილება საკითხი, თუ რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა.

რადგან საზოგადოებაში ევროსკეპტიკოსებისათვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ განწყობებმა წარმოშვას საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა

ვხედავთ, რომ უახლოეს ხანებში ვერც ერთის წევრები ვერ გავხდებით და ვერც მეორის. საზოგადოების ერთ ნაწილში ჩვენი საგარეო კურსის მიმართ გაჩენილია სკეპტიკური დამოკიდებულება. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ იქნებ ნაცადი რუსული კურსი უფრო გამოგვადგეს.

საპატრიარქოს მხრიდან მასში მონაწილეობის არმიღება ჩემი აზრით გონივრული ნაბიჯი იყო. რადგან საზოგადოებაში ევროსკეპტიკოსებისათვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს, არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ განწყობებმა წარმოშვას საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა. თუ არსებული ვაკუუმი წარმატებული პოლიტიკოსების მიერ არ ამოივსება, იგი გააჩენს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო