გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ამ ეტაპზე ჭუბერის ხეობაში მნიშვნელოვან გართულებებს არ ველოდებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში რჩებიან და პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერტმფრენის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეაფასეს მდინარე ნენსკრას (ჭუბერის თემი) და დოლრას (ბეჩოს თემი) აუზებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის მდინარე ოკრილას ხეობა, სადაც ადგილი ჰქონდა, გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის განვითარებას, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად ერთ-ერთი იყო ჭუბერის თემში წარმოქმნილი სტიქიისა.

„ორივე მდინარის აუზში სტიქიური პროცესების საფრთხეებმა იკლო და ამ ეტაპზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

ზოგადად, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე, მათ შორის მდინარე ოკრილაზე გამოიწვია წყლის ნაკადების მოკლევადიანი შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება.

მდინარის წყლის დონის მატების შედეგად ადგილი აქვს მდინარის ნაპირების ინტენსიურ გარეცხვას (ეროზიას), რაც მსგავსი სტიქიის თანმდევი პროცესია. ამ ეტაპზე ხეობაში მნიშვნელოვან გართულებებს არ ველოდებით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ამ ეტაპზე ჭუბერის ხეობაში მნიშვნელოვან გართულებებს არ ველოდებით

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა