ვარშავის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერებით 14 ადამიანი მოიწამლა

ვარშავის ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში ტოქსიკური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 14 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ყველა მათგანი აეროპორტის თანამშრომელია. ქიმიური ნივთიერების გაჟონვა მთავარ სატვირთო ტერმინალში მოხდა.

აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მყოფი ყველა ადამიანი გულისრევას და თავის ტკივილებს უჩივის. ყველა მათგანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშაა.

წინასწარი მონაცემებით, უცნობი ნივთიერება - ფენილაცეტონიტრილია, რომელიც 36 კასრში ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ გაჟონვა სწორედ ერთ-ერთი მათგანიდან მოხდა. ადგილზე ქიმიური და ეკოლოგიური ზედამხედველობის სპეციალიზებული ჯგუფი მუშაობს. აეროპორტში აღნიშნეს, რომ მომხდარს მგზავრების უსაფრთხოებასა და აეროპორტის მუშაობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.