ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2018

ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - თუ წლის ბოლომდე "ოცნება" სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება"

"თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთ კანდიდატზე არ შეჯერდება, წარმატების შანსი არ ექნებათ, ასეთ კანდიდატურად კი ორად ორ პიროვნებას ვხედავ: უსუფაშვილს ან მარგველაშვილს. ამ ორ ადამიანს აქვს საშუალება, "ქართული ოცნებიდან" წამოსული ამომრჩეველი მიიმხროს. თუ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს მმართველი ძალის კანდიდატს, ეს ამომრჩეველს გაუჩენს იმედს, რომ 2020 წლისთვის `ქართული ოცნების~ დამარცხება შესაძლებელი იქნება. თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება, შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს საერთოდ უარი თქვან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მარტო დატოვონ "ქართული ოცნება". ასეთ შემთხვევაში კარგად გამოჩნდება, ბოლოს და ბოლოს, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს "ქართულ ოცნებას" და მიუხედავად იმისა, რომ `ქართული ოცნების~ კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის... - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ "ოცნება" წლის ბოლომდე სიტუაციას ვერ შემოაბრუნებს, ცუდი პროცესები დაიწყება" /"თუ ეს სიმართლეა და მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს. ბარემ პრემიერად პირდაპირ წულუკიანი დანიშნონ, თუ ის ყოფილა ყველაზე გავლენიანი ფიგურა და თანამდებობიდან ვერ ათავისუფლებენ".

"ჩვენ ინერციულად ისევ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება კვლავ ქარიზმატულ ლიდერს ითხოვს. თუმცა, მგონია, რომ ეს მოთხოვნა აღარ არის ასეთი მძაფრი, მით უფრო, რომ თითქმის ყველანაირი ქარიზმატული ლიდერი მოვსინჯეთ - მდიდარიც, ღარიბიც, კომუნისტიც, დისიდენტიც... მხოლოდ ეკლესიიდან წამოსული ქარიზმატული ლიდერი არ გვყოლია და იმედია, ამგვარი რამ არც მოხდება. მგონი, დროა, ქარიზმატულ წინამძღოლთა დრო რეალურ ლიდერთა ეპოქით შეიცვალოს. ისე, თუ მესამე ცენტრი ვერ ჩამოყალიბდა და საზოგადოების განწყობას პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ უპასუხა, მაშინ რეალურია, რომ პროცესებმა კვლავაც ქუჩაში და გაცილებით მძაფრად გადაინაცვლოს და სწორედ ქუჩამ შექმნას ასეთი ქარიზმატული ლიდერი, როგორც ამ ცოტა ხნის წინ სომხეთში მოხდა. ფაშინიანი მანამდე არ იყო ქარიზმატული პოლიტიკოსი, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ მისგან მეამბოხე ლიდერი სწორედ ქუჩამ შექმნა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ქვეყანას სჭირდება სწრაფი და რეალური რეფორმები, რაც ახლა ხდება - სამინისტროების შეერთება, გაყოფა და ა.შ. აქამდეც არაერთხელ გვინახავს - რა შედეგზეა გათვლილი ეს ცვლილებები, იცის ვინმემ?! როდესაც კულტურის სამინისტროს ვუერთებთ განათლების უწყებას და ვარქმევთ კულტურის დეპარტამენტს, თუმცა ვაკისრებთ იმავე ფუნქციებს, რაც სამინისტროს ჰქონდა, მიპასუხოს ვინმემ, რა აზრი აქვს ასეთ შეერთებას?! გარდა ამისა, ჩვენ კონსტიტუციურად ვართ საპარლამენტო მმართველობა, მაგრამ განა ეს რეალურია?! საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება პრემიერი, პარლამენტი კი ახერხებს მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობას. თუ პარტიის თავმჯდომარე ისევ რჩება პარტიის თავმჯდომარედ და ის გვინიშნავს ქვეყნის პირველ პირს, მაშინ რა წყობას ვიღებთ? ასეთი პრინციპით აწყობილი სისტემა ეფექტიანი ვერასდროს იქნება. კვირიკაშვილი ორი წლის განმავლობაში პრემიერი იყო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ისევე როგორც მისი წინამორბედი და იცით, რატომ? მათ საკუთარი მინისტრთა კაბინეტის შექმნაც კი ვერ შეძლეს. მათ მინისტრთა კაბინეტში ვიღაცას ივანიშვილი ნიშნავდა, ვიღაცას - პოლიტიკური სუს-ი, ვიღაცას - კიდევ სხვა... როდესაც ასეთი ვერტიკალი არ არის, როდესაც გუნდი არ არის, წარმატების მიღწევა შეუძლებელია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როდესაც მეკითხებით, ბახტაძე იქნება თუ არა წარმატებული, ჩამოყალიბდება თუ არა ლიდერად, შეძლებს თუ არა რეფორმების გატარებას, ჩემი პასუხია - ვერა! ის ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანია, მაგრამ დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პრემიერი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ვერაფერს იზამს. ასეთი პოლიტიკური კაპიტალი `ქართულ ოცნებაში~ ერთადერთ კაცს აქვს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ის პრემიერობიდან გადადგომას აპირებდა, ღია წერილით მივმართე. ვუთხარი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა, რომ ცუდად წავიდოდა საქმე... ასეც მოხდა... ახლა დაბრუნდა პოლიტიკაში და დაბრუნდა არასწორ ადგილზე. ის უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც რეალურად შეძლებს მართვას. სხვაგვარად ეს სისტემა არ მუშაობს და ვერც იმუშავებს. ძალიან მინდა, წარმატებული იყოს ხელისუფლება, მაგრამ ვერ იქნება... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, `ქართულ ოცნებას~ ჯერჯერობით მაინც აქვს რესურსი, რომ ცუდად მიმავალი პოლიტიკური პროცესი შეაჩეროს და შემოაბრუნოს, ოღონდ ამას სჭირდება უმნიშვნელოვანესი ხარვეზის გამოსწორება - პრემიერად სხვა კაცი არ უნდა იჯდეს და ქვეყანას რეალურად სხვა არ უნდა მართავდეს. მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ამით უნდა დაიწყოს," - დაასკვნის ექსპერტი.

"ჩემი აზრით, თუ წლის ბოლომდე "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მას ძალიან გაუჭირდება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს უმართავ პროცესებამდე, ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს პოლიტიკურმა აქტიურობამ და ამას რა მოჰყვება, არავინ იცის... კადრების შერჩევა, ვფიქრობ, კომპლექსური პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ცოტაა, მათგან პოლიტიკაში წასვლაც ძალიან ცოტას უნდა. სულ არ არის გასაკვირი, თუ ადამიანი, რომელსაც აქვს წარმატებული კარიერა, მით უფრო - უცხოეთში და აქვს მაღალი ანაზღაურება, ჩამოსვლასა და მინისტრობაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, მას ვერ ექნება სტაბილურობის განცდა, რადგან არავინ იცის, როდის გაუშვებენ ამ პრემიერს თანამდებობიდან და თავის მოყვანილ ადამიანებსაც, ტრადიციულად, უკან მიაყოლებენ. ძალიან რთულია, გადადგა ასეთი ნაბიჯი და მინისტრის პორტფელი ჩაიბარო, როდესაც გუნდის იმედი არ გაქვს. კაბინეტის დაკომპლექტების პრობლემა წარმოშვა პარტიის შიგნით არსებულმა დაჯგუფებებმაც. მათ შორის დიდი ბრძოლა მიდის. ეს ჯგუფები საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ შეადგენს 2020 წლის საპარლამენტო სიას, ამიტომაც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

"რაც შეეხება წულუკიანს, მეც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რასაც მან თავი ვერ გაართვა. რომელი ერთი ჩამოვთვალო: სასამართლო სისტემის გაუმართაობა, ჩამოშლილი მართლმსაჯულება, საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი მარცხი და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ის აშანტაჟებს "ქართულ ოცნებას". თუ ეს სიმართლეა და მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს. ბარემ პრემიერად პირდაპირ წულუკიანი დანიშნონ, თუ ის ყოფილა ყველაზე გავლენიანი ფიგურა და თანამდებობიდან ვერ ათავისუფლებენ... ბუნებრივია, ისმის კითხვა: მაშ, რატომ არ ათავისუფლებენ? მე უფრო მგონია, რომ ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის გამო შოთაძის წავლის შემდეგ, რაც ოპოზიციამ საკუთარ გამარჯვებად მიითვალა, "ქართულ ოცნებას" აღარ უნდა, წულუკიანიც გაუშვას. მისი წასვლაც შეიძლება სწორედ ამ საქმეს დაუკავშირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას არ შეელევიან", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - "მიუხედავად იმისა, რომ ` ოცნება~ საზოგადოებას დაჰპირდა, მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელ და საზოგადოებისთვის მისაღებ ადამიანს შეარჩევდა, ჩანს, ამ პოსტზე სახელისუფლებო ჩინოსანს, შალვა თადუმაძეს დანიშნავენ..." - პასუხობს:

"ამ პროცესმაც აჩვენა, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. ისე, სიმართლე უნდა ითქვას - მხოლოდ ერთი ადამიანი, რაც უნდა საუკეთესო შეერჩიათ ამ პოსტზე, ვერაფერს იზამდა, რადგან სისტემაა უკიდურესად მძიმე და მას ერთი კაცის შეცვლა ვერ უშველის. სამწუხაროდ, ჩვენი პროკურატურა რჩება საბჭოთა სამართალდამცავი სისტემის იდეოლოგიურ მემკვიდრედ. "ნაციონალური მოძრაობის" მართვის ცხრა წელმა სწორედ ძველი საბჭოური სისტემის რეანიმაცია მოახდინა. დღევანდელი პრობლემა პერსონა მურუსიძე კი არ არის, არამედ ის სისტემა, რომლის სიმბოლოც არის მურუსიძე..."

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ მისი გუნდის წევრები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ თანამდებობას. თავად ამბობენ, რომ ყველა "საკუთარი სურვილით" მიდის, თუმცა ამ გადადგომის პროცესს "ქართულ ოცნებაშიც" კი "კუდიანებზე დევნას" უწოდებენ. კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მალევე გადადგა ორი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე. რიგში მიხეილ გიორგაძეა. რამდენიმე დღის წინ, ასევე, "საკუთარი სურვილით" თანამდებობიდან წავიდა აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარიძე და ახლა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ მალე კვირიკაშვილის მიერ დანიშნული გუბერნატორებიც შეიცვლებიან. ასევე, კულუარული ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ ეს წმენდა საპარლამენტო თანამდებობებსაც შეეხოს და დაახლოებით 7 კომიტეტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხიც კი დადგეს, რომლებიც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრებად მიიჩნევიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში.

"ახლა ის, რომ აქ "კუდიანებზე დევნა" დაიწყოს, მათი, ვინც გიორგი კვირიკაშვილის კადრია, ეს მიუღებელია", - აცხადებს "ოცნების" დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დასძენს, რომ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს ვერავინ ვერ შეცვლის. მისი მტკიცებით, თუკი ვინმე საპარლამენტო თანამდებობებიდან კვირიკაშვილის კადრების მეორე ფლანგზე გადაყვანის საკითხს დააყენებს, ეს წმენდა, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარით უნდა დაიწყოს, რადგან თავის დროზე სწორედ ის მიიჩნეოდა კვირიკაშვილის კადრად, სანამ "თავში არ აუვარდებოდა" - "ერთ რაღაცას ვიტყვი, თუ რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენებაზე დაიწყო საუბარი, პირდაპირ გეუბნებით, რომ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებით უნდა დაიწყოს ეს საქმე. იმიტომ, რომ არავინ კვირიკაშვილის ხელდასხმის გარეშე თავის თანამდებობაზე არ ზის. ახლა ვიღაცას რომ თავში აუვარდა და შემდეგ კვირიკაშვილს დაუწყო ძირის გამოთხრა, ეს მეორე საკითხია. კუდიანების დევნა ვერ დაიწყება. არ უნდა დაიწყოს კი არა, ვერ დაიწყება", - აცხადებს ჭიჭინაძე. საგულისხმოა ისიც, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან გიორგი კვირიკაშვილის გვარი უკვე ამოშალეს და ამან უფრო გაამძაფრა მოლოდინი, რომ კვირიკაშვილის გუნდის წევრებზე "კუდიანების დევნა" აუცილებლად მოხდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"სააგენტო "2020 ნიუსის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის, კადრებს საპარლამენტო თანამდებობებიდან უახლოეს მომავალში გადააყენებენ. ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ, მინიმუმ, 7 კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას დაემშვიდობება და "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები უკვე დაწყებულია. როგორც სააგენტო წერს, 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 7 კომიტეტს სწორედ გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი ხელმძღვანელობს: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; ზაზა გაბუნია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ოთარ დანელია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრებად, ასევე, ითვლებიან: ირინა ფრუიძე, ლევან კობერიძე, გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე, ისკო დასენი და სხვები", - განაგრძობს გამოცემა.

"გამოცემა წერს, რომ თავის დროზე სწორედ კვირიკაშვილის კვოტით მოხვდა პარლამენტში ძმები გაჩეჩილაძეების მეგობარი ბიძინა გეგიძე, რომელიც მოგვიანებით უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდში გადაბარგდა და "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრიც გახდა. ასევე, ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელიც ახლა გეგიძესთან ერთად ივანიშვილის გუნდშია და უმრავლესობის ლიდერობაც უნდოდა, თუმცა კახა კალაძემ აჯობა და უმრავლესობის ლიდერად საკუთარი ფავორიტი - არჩილ თალაკვაძე გაიყვანა. თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა თამარ ჩუგოშვილიც, თუმცა ის ახლა კალაძის საპარლამენტო ბანაკშია. "ოცნების" წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც, ასევე, კვირიკაშვილის გუნდში მოიაზრებოდა, აცხადებს, რომ პარლამენტში ძალიან ბევრია ისეთი დეპუტატი, რომლებსაც 5-6 თვის წინ კვირიკაშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ და ახლა იმავეს ლაპარაკობენ ბახტაძეზე, რომ მისი გული მოიგონ. მისივე თქმით, ზოგადად, მთელი პარლამენტი კვირიკაშვილის გაყვანილია, პრაქტიკულად, 80% და თუ კვირიკაშვილის კადრებს მისდგებიან, მაშინ მთელი პარლამენტი უნდა შეცვალონ და არა კომიტეტის თავმჯდომარეები, ამისთვის კი ვადამდელი არჩევნებია საჭირო.", - დასძენს გამოცემა.

"თავის დროზე ირაკლი კობახიძე იყო კვირიკაშვილის გუნდის წევრი. კვირიკაშვილის გარეშე ის პარლამენტის თავმჯდომარეც ვერ გახდებოდა და ვერც ერთი სხვა მაღალი თანამდებობის პირი, ვერც უმრავლესობის ლიდერი, ვერც ფრაქციის თავმჯდომარე, კვირიკაშვილის გარეშე ვერ გახდებოდნენ და თუ წმენდა დასაწყებია, მათგან არის დასაწყები. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები შემდგარი ადამიანები არიან და არ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკაში ვინმეზე ნაკლებნი იყვნენ, მეტი თუ არა. არ მგონია, ასე ადვილი იყოს პარლამენტში ისეთი კადრების მოძებნა, პროფესიონალიზმით თუნდაც კაკულიას, კოვზანაძეს, ქაცარავას ან ზოიძეს ჩაანაცვლებენ. თუ დღეს ვინმე პარლამენტში ავტორიტეტით სარგებლობს, ის ადამიანები არიან, ვინც ჩამოთვლილია. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ პარლამენტიდან უნდა წავიდნენ კოლექტიური ზარდიაშვილები და ოქრიაშვილები", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

"პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის თქმით, ის ელოდება, რომ კვირიკაშვილის კადრებს სახლში გაუშვებენ, რადგან ეს არის ქართული პოლიტიკის სამწუხარო ტრადიცია - ყველა ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად უკავშირდება კვირიკაშვილს, თუ ახალ ხელმძღვანელობასთან რაღაც კავშირი ვერ მოძებნა, თანამდებობას დატოვებს. წავიდა კვირიკაშვილი და ნელ-ნელა თანამდებობიდან მიდიან ის ადამიანები, ვინც მასთან იყო მიბმული. ასე მოხდა ღარიბაშვილის წასვლის დროსაც და ასე იქნება ბახტაძის წასვლის შემდეგაც. ამიტომაც ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ახალ პრემიერს თავისი გუნდი კი არ მოჰყავს, არამედ - თავისი ხალხი, რომელსაც შემდეგ კლანს უწოდებენ. გუნდის შერჩევა სხვა პრინციპით ხდება და თავისი ხალხის შერჩევა - სხვა პრინციპით", განმარტავს პოლიტოლოგი, რომლის აზრით, საზოგადოებაში კლანურობის განცდა ჩნდება და სწორედ ეს არის პრობლემური", - წერს სტატიისა ავტორი.

"დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს"

რა წერია საქართველოს მთავრობის მიერ "უპრეცედენტო დოკუმენტად" აღიარებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რას ფიქრობენ ბრიუსელში "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" და აპირებს თუ არა ევროკავშირი აშშ-ს მიჰბაძოს და დახმარება შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებენ, ამ საკითხებზე პოლონელ ევროპარლამენტარსა და რეზოლუციის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ანა ფოტიგას ვესაუბრეთ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით საკუთარ თავს დაიცავს".

"ხალხი, რომელსაც კარგად ესმის, რა თამაშს თამაშობს პუტინის რუსეთი, არც ისე ბევრი ვართ ევროპარლამენტში, სადღაც 70 კაცი, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ საკითხების წინ წამოსაწევად... რეზოლუციისთვის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა ზოგიერთმა ჯგუფმა სათაურის შეცვლა მოითხოვა, კითხვის ქვეშ დააყენეს ის, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი ამ კონფლიქტში, არადა, რეზოლუცია აშკარად მიანიშნებს, ვინ იყო აგრესორი და ვინ მსხვერპლი. განსაკუთრებული მონდომებით მემარცხენე რადიკალები გამოირჩეოდნენ... მახსოვს ის დრო, როდესაც ჩვენი განცხადებებიც არ იყო ისეთი მკაფიო, როგორიც დღესაა. თანდათან დასავლეთისთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს დაცვით უპირველესად თავიანთ თავსა და ღირებულებებს დაიცავენ. ამ საკითხზე კონსენსუსი ევროკავშირში ფართოა და მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია სამართლებრივად დამავალდებულებელი დოკუმენტი არ არის, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ეს რეზოლუცია არის დასავლეთის ცნობიერებაში მენტალური ცვლილებების ნიშანი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა ფოტიგა.

"ეს მნიშვნელოვანია, რათა უახლოეს მომავალში რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებრიობის წნეხი იგრძნოს... რაც შეეხება სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, ვფიქრობ, კარგიცაა - ჯობია, იცოდე, ვინ გიჭერს მხარს და ვინ არა - სირიის მთავრობა სასიცოცხლოდაა დამოკიდებული პუტინსა და რუსეთზე და სწორედ ამიტომ იქცევა ასე", - განმარტავს პოლონელი ევროპარლამენტარი და შეკითხვაზე - "რეზოლუციაში გაკვრითაც კი არ არის ნახსენები გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები. არაფერია ნათქვამი იმ სიაზეც, რომელიც ქართველების მკვლელობებსა და წამებაში მონაწილე პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს..." - პასუხობს;

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სიას! მსგავსი ზეწოლა აუცილებელი იყო და განზრახული გვაქვს ამ პოლიტიკის გაგრძელება ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების დონეზე".