მიხეილ გიორგაძემ პანკისში ბავშვებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პანკისში რაგბი ბრუნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ პანკისის ხეობაში რაგბის ბურთი ჩაიტანეს და ადგილობრივები თამაშს აზიარეს.

„პროექტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფინანსების არარსებობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ შეჩერდა. ახლა სპორტის მინისტრის ინიციატივით, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, პროექტი მასშტაბურ სახეს მიიღებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახმეტის რაიონს გუშინ ეწვია და ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანა. მასთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობის სოფლებში კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა, რაც დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას გულისხმობს. სწორედ ამის ნაწილია ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში რაგბის აღორძინება, რომელიც სპორტულთან ერთად სოციალური პროექტიცაა.

„დღეს ჩვენ ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ვიმყოფებით, სადაც უკვე სექტემბრიდან რაგბის ოთხი ასაკობრივი ჯგუფი (8, 10, 12 და 14 წლამდე) ივარჯიშებს. ადგილობრივი გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახმეტის რაიონისა და პანკისის ხეობის სოფლებიდან უფასოდ მოხდება ბავშვების ტრანსპორტირება. ისინი რაგბში ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებენ, აქვე მიიღებენ შხაპს, ერთად ისადილებენ და ჩვენი ტრანსპორტით დაბრუნდებიან სახლებში.

ეს უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მოხდება ახმეტელი და პანკისელი ბავშვების ინტეგრაცია. პროექტის მხარდაჭერისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, რომელიც თავის თავზე იღებს მწვრთნელების ანაზღაურებას. ჩვენგან მას მხარდაჭერა არ მოაკლდება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე, ახმეტის გარდა, პირადად შეხვდა მატანში, დუისიში, ქვემო ხალაწანსა და დუმასტურში მცხოვრებ ბავშვებს, მათ პროექტის შესახებ ესაუბრა და რაგბში ჩართვისკენ მოუწოდა.

სამინისტროს ცნობით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი გამოყოფს, პროექტი კი სექტემბრიდან დაიწყება.

„ყველას გული გვწყდებოდა ამ პროექტის შეჩერების გამო და მადლობა სპორტის სამინისტროს, პირადად მიხეილ გიორგაძეს, რომელიც გვერდში დაგვიდგა ამ ძალიან კარგი საქმის აღორძინებაში“,- აღნიშნა რაგბის კავშირის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ.

ბავშვებთან კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი იმუშავებს.

„მე ამ ბავშვებთან სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. პროექტი ორი წლის წინ შეწყდა, რადგან ვეღარ ვახერხებდი ჩემი ხარჯებით პანკისის რეგიონში სიარულს. ბავშვებს რაგბი მოსწონდათ და რამდენიმე დღის წინ ისინი სიხარულით შემხვდნენ. დაფინანსების არარსებობის გარდა, იყო სხვა პრობლემაც: ზამთარსა და წვიმაში ვარჯიში შეუძლებელი იყო. ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე და დარბაზში ვარჯიშისთვის ძალიან კარგი პირობებია. რადგან ბავშვების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება და სულ მალე ახმეტაში ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის გუნდების შექმნის საშუალება გვექნება. რაც მთავარია, ამ ბავშვებს რაგბს შევაყვარებთ“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება, უქმეებზე კი, ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალებზე ივლის.

მათივე ცნობით, რაგბში ჩართული ბავშვთა რაოდენობის ზრდა, მწვრთნელების დეფიციტს გამოიწვევს, თუმცა, განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე ამბობს, რომ მწვრთნელების გადამზადება ადგილზე უნდა ჩატარდეს.

„იდეალურია, როდესაც 10 ბავშვზე თითო მწვრთნელი მოდის, თუმცა საწყის ეტაპზე ერთ მწვრთნელს 25 ბავშვის ვარჯიშიც შეუძლია. რადგან რაგბში მოვარჯიშე ბავშვების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელების გადამზადება ადგილზე ჩატარდეს. კახეთში ამ საქმეს თენგიზ ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს. მან რეგიონში უკვე ჩაატარა ორი სემინარი. ჩვენ ვესწრებოდით გამოცდებს და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. პატარძეულის მაგალითმა დაგვანახა, რომ კახეთის რეგიონს დიდი პერსპექტივა აქვს და ამ მხრივ ეს პროექტი დიდი შედეგის მომტანი იქნება“, - ამბობს ჭუმბურიძე.

ახმეტის მუნიციპალიტეტში 17 სოფელია. რაგბის ასაკობრივ ჯგუფებში, რომელიც შემოდგომაზე ამოქმედდება, ყველა სოფლის ბავშვი ერთად ივარჯიშებს.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა