ლევან დავითაშვილი - შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ხორბლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლის აღების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის, მათ შორის, ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

მათი ინფორმაციით, რეგიონში 67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელოდებიან. 19 ათას ჰექტარზეა დათესილი ქერი, რომლის საპროგნოზო მოსავალი 58 ათასი ტონას შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. კახეთის რეგიონში მობილიზებულია 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში - 49, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში - 54 ერთეული. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია ბელარუსული წარმოების 30 ერთეული ახალი კომბაინიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ 2018 წელს შეიძინა.

„მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. დიდია ფერმერების ინტერესი ტექნიკის შეძენაზე და, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მარცვლოვანი კულტურების სექტორის განვითარებას, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.

ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს