იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს 4 ქართული ლაბორატორია დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან.

“ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს წინადადებით მიმართა. საელჩომ საქართველოდან გამოითხოვა ლაბორატორიათა სია, რომელთა დარეგისტრირებაც მიზანშეწონილი იქნებოდა იაპონური მხარის მიერ. ამის შემდეგ, საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროსთან გამართა კონსულტაციები, რათა ქართული მხარის მიერ მოწოდებული ლაბორატორიები ოფიციალურად დარეგისტრირებულიყო იაპონიის ყველა შესაბამის ორგანიზაციასა და სტრუქტურაში.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, იაპონურმა მხარემ საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ლაბორატორიებიდან „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში შემდეგი ლაბორატორიები შეიყვანა: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 130 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 200%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა