დავით ბაქრაძე - მთავრობის ლოგიკით, თუ გერმანელებს ებრძოდი კურსკში დამსახურება გაქვს, რომ დახმარება გაგიორმაგდეს, ხოლო თუ რუსებს ებრძოდი სოხუმში, დახმარება არ გაგეზრდება

მისასალმებელი და კარგია, როდესაც მთავრობამ გაუორმაგა სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, მაგრამ მიუღებელი და ცუდია, რომ საქართველოს მთავრობას ამ დადგენილებაში არ გაახსენდა და დაავიწყდა ის ათასობით ვეტერანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, მიუღებელია, მთავრობის მიერ ვეტერანების დაყოფა.

„ვუდასტურებ ჩემს ძალიან ღრმა პატივისცემას მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. რა თქმა უნდა, მათ დამსახურებულად ეკუთვნით მეტი და უკეთესი სოციალური დახმარება, მაგრამ უმძიმეს პოლიტიკურ და ადამიანურ შეცდომად მიმაჩნია საქართველოს დასაცავად წარმოებული ომის ვეტერანების უგულვებელყოფა ასეთი ტიპის დადგენილებაში. ჩვენი მთავრობის ლოგიკის მიხედვით გამოდის, რომ თუ გერმანელებს ებრძოდი კურსკში საკმარისი დამსახურება გაქვს იმისთვის, რომ გაგიორმაგდეს დახმარება, ხოლო თუ რუსებს ებრძოდი სოხუმში, შენი ბრძოლა არაფრად მიიჩნევა და დახმარება არ გაგეზრდება. კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოსწორდეს აღნიშნული უმძიმესი შეცდომა და ველოდებით, რომ ბახტაძის მთავრობა გამოასწორებს მისი წინამორბედის მიერ დაშვებულ მძიმე შეცდომას. ამ საკითხს დავაყენებთ პარლამენტშიც მთავრობის მოსმენაზე და ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ასეთი ხელოვნური დაყოფა გამოსწორდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.