როგორ უნდა შეირჩეს მთავარი პროკურორი, რომ მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს

მთავარი პროკურორი, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე არის სისხლის სამართლის სისტემის ცენტრში. შეიძლება ითქვას, მას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების აღსრულების საკითხში. კანონმდებლობით, სწორედ პროკურატურა ახორციელებს გამოძიებაზე ზედამხედველობასა და ბრალდებულთა სისხლის სამართლებრივ დევნას, რა დროსაც აუცილებელია განუხრელად იქნას დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა საკუთარ ფუნქციებს ახორციელებს არა მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის გზით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რათა მოხდეს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში წარმატება როგორც საშინაო, ისე ზოგად, გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და ამ პროცესში საქართველოს როლის გამოკვეთა. არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არამარტო უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურორი, როგორც მთავრი პროკურატურის ხელმძღვანელი, იყოს მაღალი კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების მატარებელი, ხოლო მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება - დასაბუთებული, სამართლიანი და ასახავდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

გაუმჯობესება, რომელიც სჭირდება პროკურატურას და მის მიმართ ნდობის გაზრდას, უკავშირდება ერთი მხრივ, პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, მეორე მხრივ კი - პროფესიონალიზმის ამაღლებას. მესამე და მნიშვნელოვანია ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, კომპეტენციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, პროკურორთა შერჩევის, დაწინაურებისა და გადაყვანის სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცედურების არსებობა; ერთ-ერთ აუცილებელ პირობას ასევე პროკურატურის ადეკვატური საბიუჯეტო სახსრებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აქამდე განხორციელებული ცვლილებები ამ სიკეთეებს არ შეხებია. პრობლემა მდგომარეობს როგორც საკანონმდებლო, ისე კანონის აღსრულების დონეზე. 2015 წელს შექმნილი საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით ხელშესახებ შედეგებს ვერ გამოიღებდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო და ამის თაობაზე არაერთხელ იყო საუბარი. ამავე კონტექსტში, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების საკითხი საპროკურორო საბჭოსთან მიმართებაში ასევე პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი ევროპული სახელმძღვანელო მოდელი, არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ფუნქციონირების ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს კანონმდებლობაში ასახული არ არის.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ინტენსივობით მუდმივად იდგა საკითხი პროკურატურის დამოუკიდებლობისა და მისი პოლიტიკისაგან დისტანცირების შესახებ. ბუნებრივია, თუკი სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო არ დაიცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, იგი შეიძლება იქცეს პოლიტიკური დევნის იარაღად არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ხელში. პროკურატურის საქმიანობაზე პოლიტიკური გავლენების რისკი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოებას უკარგავს ნდობას მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ. მართლმსაჯულების ხარისხზე ბევრწილადაა დამოკიდებული ასევე უცხოელ ინვესტორთა ნდობა ქვეყნის მიმართ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი არ და ვერც მოხსნიდა პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს. კერძოდ იმის გამო, რომ საბჭოს შემადგენლობაში ერთი მხრივ, მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილნი: მინისტრთა კაბინეტის წევრი (იუსტიციის მინისტრი) და პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე (საბჭოს ex officio წევრები) - ანუ მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირები, ხოლო მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ პარლამენტის მიერ უბრალო უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში ასარჩევი სხვა წევრების პოლიტიკური ლოიალობის გათვალისწინებით არჩევისგან დაცულობის გარანტიები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამავე მიზეზით, იუსტიცის მინისტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება საბჭოს წინაშე დაასახელოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ უზრუნველყოფს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატის შერჩევასა და ასევე საპროკურორო საბჭოს მხრიდან პოლიტიკურად ნეიტრალური გადაწყვეტილების მიღებას. ამის თაობაზე ვენეციის კომისიას თავის დროზე ჰქონდა მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია.

მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრმა თავიდან აირიდა ან აარიდეს ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პასუხისმგებლობა და კანდიდატები მინისტრის შვებულებაში ყოფნის მოტივით საზოგადოებას მისმა მოადგილემ წარუდგინა. თავად მინისტრმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ერთ-ერთი კანდიდატი მისი ნათესავია (ნათესაური კავშირი კი უარყო, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი შვილის ნათლიაა). ბუნებრივია, მოადგილის მინისტრის დაქვემდებარებაში ყოფნის, ამ იერარქიული სუბორდინაციის გათვალისწინებით, ზედმეტია საუბარი შერჩევის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ხასიათზე.

გარდა ამისა, „პროკურატურის შესახებ“ კანონის 9 პრიმა 1 მუხლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყველა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის პროფესიული და პიროვნული თვისებების გამო უარი განაცხადა ამ პროცესში მონაწილეობაზე და მეტიც, მისი გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნამ მოგვიანებით საზოგადოების ფართო ფენები გააერთიანა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანდიდატთა შერჩევის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კანონის სათანადოდ აღსასრულებელი პირობების არარსებობის გამო. რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი არის პასუხისმგებელი არაჯანსაღი, მოჩვენებითი და რაც მთავარია, სისტემის დამაზიანებელი „რეფორმების“ გამო, რის თაობაზეც სამართლის დარგის სპეციალისტებში სრული კონსენსუსი დიდი ხანია არსებობს, ასევე ყველა იმ წინამორბედი მთავარი პროკურორის შერჩევაზე, რომლებმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ ასობით გამოუძიებელი საქმე დაუტოვეს ქვეყანას.

ნებისმიერი მომავალი მთავარი პროკურორი განწირული იქნება, თუკი არ განხორციელდა სისტემური ხასიათის ეფექტური ცვლილებები, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს და არ იქნება დროებითი საჩვენებელი ხასიათის მატარებელი. ამ თვალსაზრისით აუცილებელია ცვლილები იმ რწმენით შემუშავდეს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლის უზენაესობის განუხრელი დაცვა და თავიდან იქნება აცილებული უხეში სამართლებრივი შეცდომები, რომლებმაც შეიძლება შეინარჩუნოს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული პრობლემები.

იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის მიერ 2014 წლის 29 ოქტომბრის ანგარიშში (Second Progress Report on the implementation by Georgia of the Action Plan on Visa Liberalisation) პრობლემურად იქნა მიჩნეული მოქმედი რეგულაცია იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის დანიშვნის შესახებ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (OSCE/ODIHR) მიერ მომზადებულ ანგარიშში (Trial Monitoring Report), ასევე გამახვილებულია ყურადღება იმ შეკითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნდა საკანონმდებლო ნორმების დაცულობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის წარდგენასა და მის შემდგომში თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე. პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე პოლიტიკური ჩარევისაგან საუბარია ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში. პარტიული ინტერესებისგან პროკურატურის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ასევე საქართველოში მოწვეული სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტი. ამდენად შეგვიძლია გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პროკურატურის რეფორმირების საკითხი, რომელიც ხანგძლივი დროის განმავლობაში იდენტიფიცირებად პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნის შიგნით და რაც დადასტურებული იქნა ასევე არაერთხელ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, იუსტიციის სამინისტროს დღის წესრიგში საკმაო დაგვიანებით იქნა შეტანილი.

დავით ჯანდიერი

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს