პროკურორი - რამაზ მარგოშვილმა დაადასტურა, რომ სირიაში ჩატაევთან იმყოფებოდა, საიდანაც კონკრეტული დავალებებით დაბრუნდა

რამაზ მარგოშვილმა აღიარა ჩატაევთან კავშირი და ის, რომ ახმედ ჩატაევს ის პირადი ვალების ამოღებაში ეხმარებოდა, - ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებისა და ტერორისტული ორგანიზაციებისა და ორგანიზაციის წევრებისთვის ხელშეწყობის საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა. პროკურორის თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა. პროკურორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ჩვენებით მას ბრალი არ უღიარებია, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მაინც მოუწია.

„რამაზ მარგოშვილმა დაარღვია დუმილი და მისცა სასამართლოს ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილი საკუთარი ჩვნებით ბრალდებას არ აღიარებს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ მას მაინც მოუწია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ახმედ ჩატაევს, ასევე დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფებოდა ახმედ ჩატაევთან, საიდანაც დაბრუნდა კონკრეტული დავალებებით, რომელიც მისცა ჩატაევმა, ეხმარებოდა მას პირადი ვალების ამოღებაში და ა.შ.“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული ასევე შეეცადა ბრალდების ერთ-ერთი მოწმის დისკრედიტაციას.

„შავლახ ქავთარაშვილთან დაკავშირებით რამაზ მარგოშვილმა სცადა აღნიშნული პირის დისკრედიტაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოწმემ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა სასამართლოს. მარგოშვლილმა კონკრეტული არგუმენტების და დასაბუთების გარეშე განაცხადა, რომ ქავთარაშვილი გეგმავდა კონკრეტული დანაშაულების ჩადენას. მან ასევე დაადასტურა ნაცნობობა ბრალდებულ შოაიფ ბორზიევთან და სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებთან, ასლანბეგ სოლტ ახმედოვთან და იბრაჰიმ ადაშევთან და ეს ხალხი მასთან სტუმრად იმყოფებოდა პანკისში რამოდენიმეჯერ“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

სუს-მა ანატიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს