ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა

ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, „ხაშმის საფერავის“ დამატება დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.

„ხაშმის საფერავის“ დარეგისტრირების მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ განაცხადით გასულ წელს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მუშაობა შესაბამისი წარმოების სპეციფიკაციებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადების მიზნით.

„ხაშმის საფერავი“ არის წითელი მშრალი ღვინო ხაშმის მიკროზონიდან, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით აქ ვენახი დავით გარეჯელ ბერებს გაუშენებიათ.

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი.

ღვინის ეროვნული სააგენტო დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის ფარგლებში „საქპატენტთან“ ერთად ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა