ქართული პრესის მიმოხილვა 12.07.2018

ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"

* * *

ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა

"ოპოზიციის გაერთიანება საბოლოოდ ჩაიშალა და ყველა მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება. შეთანხმება მხოლოდ იმაზეა, რომ ერთმანეთს არ გალანძღავენ და, პლუს, ისევე როგორც გასულ წელს, თბილისის მერის არჩევნებზე, მთელ ფსონს მეორე ტურზე დებენ - მხოლოდ მეორე ტურში გაერთიანდებიან და რომელი ოპოზიციონერი კანდიდატიც მეორე ტურში გავა, მხარს მას დაუჭერენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ერთიანი კანდიდატის იდეა საბოლოოდ ჩავარდა - ოპოზიცია მეორე ტურის იმედადაა.

"საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე ლამის ერთმანეთს გადამტერებული "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაზავდნენ და შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო პერიოდში ერთმანეთს არ გააკრიტიკებენ და მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. საერთო კანდიდატზე შეთანხმება კი მაინც ვერ მოხდა და ორივე პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. "ნაციონალები" გრიგოლ ვაშაძეს კანდიდატად ოფიციალურად მომავალ კვირას დაასახელებენ, 21 ივნისს კი "ევროპული საქართველო" წარადგენს დავით ბაქრაძეს. ასევე "ლეიბორისტული პარტიაც" ცალკე იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის და კანდიდატი შალვა ნათელაშვილია. არც ერთ პროდასავლურ პარტიასთან გაერთიანების შანსი არ აქვს ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობასაც". მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა არჩევნების წინ მუდმივად აცხადებენ, რომ გაერთიანებისა და ერთი საერთო კანდიდატის დასახელების გარეშე "ქართულ ოცნებას" ვერ დაამარცხებენ, გაერთიანებას მაინც ვერა და ვერ ახერხებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

"რამდენიმე დღის წინ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ ამ თემაზე უსუფაშვილთან ნატო-ს სამიტის შემდეგ ილაპარაკებდა. დათანხმდება თუ არა მარგველაშვილი საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, ეს ოპოზიციის გაერთიანების მანიშნებელი მაინც ვერ იქნება, რადგან ოპოზიციიდან 3 პარტიას საკუთარი კანდიდატებით პირველ ტურში ცალ-ცალკე ბრძოლა გადაწყვეტილი აქვს, ხოლო მეორე ტური იქნება თუ არა, ამის პროგნოზორება რთულია - გასულ წელს თბილისის მერის არჩევნებისას ოპოზიციას სწორედ ამგვარი სტრატეგია ჰქონდა, მეორე ტურში უნდა დაეჭირათ მხარი ოპოზიციიდან გასული ნებისმიერი კანდიდატისათვის, თუმცა მეორე ტური არ შედგა და კახა კალაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. პოლიტოლოგების დიდი ნაწილი პროგნოზირებს, რომ დიდია ალბათობა, საპრეზიდენტო არჩევნებშიც ანალოგიური რამ განმეორდეს და ცალ-ცალკე მებრძოლი ოპოზიცია მეორე ტურამდე საქმეს ვერ მიიყვანს", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ორ პარტიად გაყოფილი "ნაციონალები" შესაძლებლობებს კრიტიკულად აფასებენ. "ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოვლენ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა მე მათ შესაძლებლობებს კრიტიკულად ვაფასებ. გარდა ამისა, ამ მემორანდუმის კონტროლიც არ იქნება შესაძლებელი. ეს მემორანდუმი საერთო მრავალწლიან დანაშაულზე დგას, მეტი საფუძველი მას არ აქვს", - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, მეორე ტური იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ცნობისთვის, ორი დღის წინ ბრიუსელში "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის ინიციატივით, "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს, კამპანიის დროს ურთიერთკრიტიკისგან თავს შეიკავებენ და საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები ამომრჩევლის მობილიზებას მაქსიმალურად შეეცდებიან", - დასძენს გამოცემა.

"შევთანხმდით, რომ "ევროპულ საქართველოს" ეყოლება თავისი კანდიდატი და თავისი კამპანია, "ნაციონალურ მოძრაობას" - თავისი კამპანია და კანდიდატი. ამით უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და შევთანხმდით, რომ მეორე ტურში მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება მეორე ტურში", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი გაბაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძის თქმით, "ვინაიდან, ერთიანი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა ვერ მოხერხდა, შეთანხმება აუცილებელი იყო" და დარწმუნებულია, რომ მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება. "რადგან ყველა გამოკითხვით ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაცემულია და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არსებობს. მეორე ტური აუცილებლად იქნება, მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს კი მხარი ერთად უნდა დავუჭიროთ. საარჩევნო პროცესში ერთმანეთს არ გავაკრიტიკებთ", - აცხადებს გოცირიძე რომელიც განმარტავს, რომ "ესეც ლოგიკურია, რადგან საერთო მოწინააღმდეგე ჰყავთ", - წერს სტატიის ავტორი.

"ამ ორ პარტიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას კომენტარები არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც მოჰყვა. მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას აპირებენ "თავისუფალი დემოკრატებიც", მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმის ხელმოწერაში მონაწილეობა არ მიუღიათ. "ლეიბორისტულ პარტიაში" კი აცხადებენ, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს არა მეორე ტურზე, არამედ ერთიან კანდიდატზე პირველივე ტურში და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მათი პარტიის თავმჯდომარეს დაუჭირონ მხარი და შალვა ნათელაშვილი იყოს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. "დემოკრატიულ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ შემადგენლობას არ დაუჭერენ მხარს არც მეორე ტურში", - დასძენს სტატიის ავტორი.

ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"

“წინასაარჩევნო ბატალიებსა და იმაზე, გამარჯვების რა შანსები აქვთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, "რეზონანსი" ექსპერტ გია ხუხაშვილს გაესაუბრა. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ერთი ცხოვრებისეული ფილოსოფია და საერთო ცხრაწლიანი დანაშაული აერთიანებთ, სხვა მათ ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ, ცდილობენ, ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ხუხაშვილი: "თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, "ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს"

„კორესპონდენტის კითხვაზე, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს? ხუხაშვილის თქმით, რაც შეეხება განაცხადს, რომ მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, "ევროპულ საქართველოს" "ნაცმოძრაობასთან" გაყოფის შემდეგ ახალი ელექტორატი არ მოუპოვებია და დღესაც "ნაცმოძრაობის" ელექტორატის ნაწილი არის მისი დასაყრდენი. მათ შეიძლება დაახლოებით მოსახლოების 16-17% უჭერდეს მხარს, რაც რეალური კონკურენციისთვის საკმარისი არ არის. მეორე ტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ დღეს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, რასაც სკეპტიკურად ვუყურებ, ისე როგორც მარგველაშვილის ბოკერიასთან გაერთიანებას, რადგან მაშინ კითხვები ჩნდება როგორც მარგველაშვილის, ასევე ბოკერიას მიმართ“, - აღნიშნავს გამოცემა

„ხუხაშვილის თქმით, საქართველოში ყოველი მეორე პოტენციური პრეზიდენტია და რა გითხრათ... ალბათ, ბევრი იქნება კანდიდატი, მაგრამ კონკურენტული კანდიდატი არ მეგულება. საერთოდ, კანდიდატი არ წყვეტს არჩევნების ბედს, რადგან ნებისმიერმა კანდიდატმა თავისი პარტიის კომპრომატი უნდა იტვირთოს, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" კომპრომატი უნდა იტვირთოს. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა არ მიიღო მონაწილეობა, "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, - განაგრძობს გამოცემა

„კორესპონდენტის თქმით, კულუარული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა შეიძლება, პარტია "ოცნების" მოქმედი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა დაასახელოს. ხუხაშილის აზრით, ეს იქნება ოპტიმალური ვარინატი. მე სულ ვამბობდი, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. არჩევნებზე დიდ აქტივობას არ ველი, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. საერთო ჯამში შეიძლება, მოსახლეობის 40-45%-მა მიიღოს მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯერ სტურქუტერები არ დამტკიცებულა და პარლამენტს კენჭი არ უყრია იმ სტრუქტურებისთვის, რომლებიც პრემიერმა წარმოადგინა. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ არის და ამას შეთქმულების თეორიად ვერ განვიხილავ. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, "ოცნების" სათადარიგო სკამი მოკლეა, თუმცა მას ამ მოცემულობით მოუწევს ახალი მთავრობის კაბინეტის დაკომპლექტება. კანდიდატებთან დაკავშირებით შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით, შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ არც ეს არ არის პრობლემა, "ქართულ ოცნებაში" არსებობს გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი და ის დაალაგებს სიტუაციას“, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს