ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

„ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი.

საქმის მასალების საფუძვლიანად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვები. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რომელიც სხვა პირების და მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ ჩაატარა. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია, კერძოდ, რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია განიხილოს სახალხო დამცველის წინადადება და განხილვის შედეგები ომბუდსმენს აცნობოს 20 დღის ვადაში.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ცალკეული დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ან/და მოვალეობების შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია განიხილოს სახალხო დამცველის წინადადება და განხილვის შედეგები სახალხო დამცველს აცნობოს 20 დღის ვადაში.

საქმის შესწავლის შედეგებს სახალხო დამცველი აწვდის საზოგადოებას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს