გია ხუხაშვილი - სრულიად ცალსახაა, რომ წულუკიანის მთავრობაში დატოვება ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემაში კოლექტიური მურუსიძის შენარჩუნებას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორ შეაფასებდით, მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეულ და მმართველი გუნდთან შეთანხმებულ მთავრობის ახალ შემადგენლობას?

- იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მმართველობითი სისტემის კრიზისია, რადიკალური ცვლილებები ობიექტურად აუცილებელი იყო. სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა მოვლენები. პრემიერ ბახტაძის ხედვებს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვიზიარებ. ახლა უფრო გასაგები ხდება მართვის სისტემა.

პრემიერ ბახტაძის ხედვებს სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვიზიარებ. ახლა უფრო გასაგები ხდება მართვის სისტემა

რაც შეეხება პერსონალიებს. მე მთავრობის სამი ახალ და ახალგაზრდა წევრებზე ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან მათ შესახებ უბრალოდ ძალიან მცირე ინფორმაცია მაქვს. მიუხედავად ამისა, მე მათ წარმატებას ვუსურვებდი. მირჩევნია მათ ნამოქმედარზე ვიმსჯელო, ვიდრე ახლა ზედმეტად სკეპტიკური ვიყო ან ზედმეტად გამოვთქვა იმედები.

მთავრობის ფორმირების საკითხში ერთადერთი ფუნდამენტური საკითხი იყო და გულდაწყვეტასაც იწვევს იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დარჩენა.

- ცხადია, ცალკე საუბრის თემაა იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ თეა წულუკიანის დასახელება. ასე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანის გადაყენების სასარგებლოდ საკმაოდ ბევრი პრეტენზიები ისმოდა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის შენარჩუნება?

- ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა მმართველობითი სისტემის რეფორმირება და მისი ეფექტურობის გაზრდა, ახალი პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოაბაში მაღალი ნდობის ფორმირებაზე ზრუნვა.

იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულების მიმართ ნდობა იყო და კვლავ რჩება დაბალი, ეს დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად თეა წულუკიანის ფაქტორს უკავშირდება.

თუ ხელისუფლებას უნდოდა მმართველობით სისტემაში რეალური რეფორმების გატარება, წულუკიანი მთავრობაში არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან იგი შესაძლოა აღმოჩნდეს რეფორმების წარუმატებლობის მიზეზი

წულუკიანის მინისტრობის დროს მოხდა კოლექტიური მურუსიძის მხრიდან სასამართლო სისტემის მონოპოლიზება, მისი მინისტრობის დროს იყო სერიოზული რყევები პროკურატურის სისტემაში, რაც მთავარი პროკურორის გადადგომით დასრულდა, მისივე მინისტრობის დროს იყო საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან სამარცხვინოდ წაგებული საქმეები. შესაბამისად, მართლმსაჯულების მიმართ ნდობის კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ ჩამოსვლა სწორედ წულუკიანის მინისტრობას უკავშირდებოდა.

თუ ხელისუფლებას უნდოდა მმართველობით სისტემაში რეალური რეფორმების გატარება, წულუკიანი მთავრობაში არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან იგი შესაძლოა აღმოჩნდეს რეფორმების წარუმატებლობის მიზეზი.

არა მგონია, რომ ეს ქართული საზოგადოების პრობლემა იყოს, მაგრამ ეს რომ პოლიტიკური ოპოზიციისთვის კომფორტული გადაწყვეტილებაა, ფაქტია. რეფორმების პროცესში თავად ხელისუფლებისთვის იქნება პრობლემა და საზიანოა წულუკიანის იუსტიციის მინისტრად შენარჩუნება.

- საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე აირჩია. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მას მთავარი პროკურორის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორ შეაფასებდით საპროკურორო საბჭოს მიერ წულუკიანის გარეშე მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის არჩევას? ანუ იმას, რომ წულუკიანმა მთავარი პროკურორის არჩევაზე მთელი პასუხიმგებლობა მისივე ინიციატივით 2015 წელს შექმნილ საპროკურორო საბჭოს დააკისრა, რომლის არჩეულიც იყო აწ უკვე გადამდგარი ექს-მთავარი პროკურორი შოთაძე?

- მე არ მქონია იმის ილუზია, რომ ხელისუფლება მთავარ პროკურორად ოპოზიციის წარმომადგენელს დაუჭერდა მხარს. არც იმის ილუზია მქონია, რომ არჩევანი საკმაოდ დამოუკიდებელ კანდიდატურაზე გაკეთდებოდა. ამგვარი რამ არათუ საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

პრობლემა სწორედ იმაშია, რომ საპროკურორო საბჭოს მიმართ ნდობა დაბალია. მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ის არ აჩენს მთავარი პროკურორის მიმართ ნდობას. უფრო პირიქით, მის მიმართ უნდობლობის ხარისხი ძალიან მაღალია.

ხელისუფლების მიერ დაანონსებული სახელისუფლებო სტრუქტურების რეფორმირებისათვის, განსაკუთრებით ყოველივე იმასთან, რაც მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას უკავშირდება, მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზია

ასე იყო და ასე დარჩება მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანმა ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა თუ არა, იგი ვინმეს ტელეფონით ელაპარაკა თუ სკაიპით. არც იმას აქვს მნიშვნელობა იგი საპროკურორო საბჭოს მიმდინარეობისას იქ იჯდა თუ არა. ფაქტია, რომ ამ პროცესის მიმართ ნდობა არ არის.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით შალვა თადუმაძე ნორმალური ადამიანია, იგი საკმაოდ კომუნიკაბელულია და მასთან მუშაობა შესაძლებელია. მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურის მიმართ სერიოზული კითხვები არა მარტო მე, საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული სახელისუფლებო სტრუქტურების რეფორმირებისათვის, განსაკუთრებით ყველაფერ იმასთან, რაც მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული ცვლილებების განხორციელბას უკავშირდება, მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა, სერიოზული ხარვეზია.

ფაქტობრივად, ხელისუფლებამ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარმოდგენით გვითხრა - რადიკალური ცვლილებები არ იქნება. მე არ მინდა ხელისუფლებას ხაზი მთლიანად გადავუსვა, ამიტომ მაინც მინდა იმედი დავიტოვო, რომ ცვლილებები მმართველობით სისტემასაც და მართლმსაჯულების სისტემასაც შეეხება.

ხელისუფლებამ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარმოდგენით გვითხრა - რადიკალური ცვლილებები არ იქნება

ასე ვფიქრობ იმის მიუხედავად, რომ სრულიად ცალსახაა - წულუკიანის მთავრობაში დატოვება ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემაში კოლექტიური მურუსიძის შენარჩუნებას. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც წულუკიანის პასუხისმგებლობის ზონაა, ახლა უფრო ურჩხულს ჰგავს და იგი სწორედ წულუკიანის შვილია. მოგეხსენებათ, თავის შვილს არავინ არ სწირავს.

- ამას წინათ, ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა - თუ მთავრობის ახალი შემადგენლობა ვერ შეძლებს წლის ბოლომდე ვითარების რადიკალურად შეცვლას, ქვეყანაში არასასურველი პროცესები დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რაც უკვე ბრძანეთ, თქვენი დაკვირვებით, აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეცვალოს და თავიდან აიცილოს არასასურველი პროცესების დაწყება?

- როგორც ვთქვი, ბახტაძის განაცხადი, მისი ხედვები, იგივე მცირე და საშუალო ბიზნესთან და საბანკო სისტემასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები და გადადგმული ნაბიჯები, საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება, მომწონს და სრულადაც ვიზიარებ. მაგრამ, სხვა საკითხია, პრაქტიკულად როგორ მოხდება ამის განხორციელება.

კარგია, რომ თამაშში ახალი ადამიანები შემოვიდნენ, ეს მათ აძლევთ გარკვეულ კომფორტს, რომ ეფექტურად იმოქმედონ, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიმართ არ არიან პოლიტიკური ვალდებულებებით დამძიმებული. ეს იმედის საფუძველს ტოვებს, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში სწრაფი შედეგები არ მიიღება. ილუზიაა, რომ ჩვენ სწრაფად შევძლებთ პრობლემური სისტემების ტრანფორმირებას.

როდესაც არ შეგიძლია ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში სწრაფი შედეგების მიღება და ხალხისთვის პურის მიცემა, ამ დროს რისკები მატულობს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა აჩვენოს სწრაფი შედეგები იმ სფეროებში, რაშიც შეუძლია - ვგულისხმობ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას

ჩვენს ვითარებაში მყოფ ქვეყანაში ხალხისთვის „პურის“ მიცემის შანსი არც ერთ ხელისუფლებას არ ექნებოდა. ვინაიდან გარკვეული პერიოდში რეფორმირების პროცესში ბევრ სფეროში შეიძლება შეიქმნას პრობლემები და შესაძლოა ვარდნასაც ექნება ადგილი.

აქ კი დგება დილემა - როდესაც არ შეგიძლია ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში სწრაფი შედეგების მიღება და ხალხისთვის პურის მიცემა, ამ დროს რისკები მატულობს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა აჩვენოს სწრაფი შედეგები იმ სფეროებში, რაშიც შეუძლია. ვგულისხმობ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას.

ამის გაკეთება სწორედ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებით შეიძლებოდა. ამით ხელისუფლება პაუზის დაჭერისა და ამოსუნთქვის საშუალებას მიიღებდა. როდესაც პურს ვერ აძლევს, ხალხს სანახაობას მაინც მისცემდა. როდესაც ასე არ ხდება, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ არასტაბილურობის კერები მივიღოთ.

ვფიქრობ, ბახტაძის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგია სწორია, მაგრამ მოვლენების განვითარების ტაქტიკური მონახაზი საკმაოდ სარისკოდ გამოიყურება.

- საკმაოდ სწრაფად ვითარდება პროცესები შიდა პოლიტიკაში. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები სიტუაციას აშკარად ამძიმებს. თქვენ როგორ შეაფასებდით, შიდა პოლიტიკაში ხელისუფლების გარეთ მიმდინარე პროცესებს?

- საპრეზიდენტო არჩევნებს დრამატულ კონტექსტში არ განვიხილავდი. კი იქნება კრიზისის ინიცირების მცდელობები. რა თქმა უნდა, მთავრობაში წულუკიანის ყოფნის ფაქტორი ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად კარგი არგუმენტია.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ - საქართველოში ჩვენ არა მხოლოდ სახელისუფლებო ელიტის, არამედ მთლიანად ოპოზიციური ელიტის პრობლემა გვაქვს. ვითარება არ შეცვლილა ჩვენი ამომრჩეველი კარგ არჩევანს ვერ ხედავს. ვინაიდან მას არჩევანის გაკეთება უწევს ხელისუფლებასა და აბსოლუტურად დისკრედიტებულ და კომპრომეტირებულ პარტიებს შორის.

„ევროპელი დემოკრატებისა“ და „ნაციონალების“ ელექტორატი მაქსიმუმ 18-20 პროცენტი შეიძლება იყოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას ვერ შეუქმნის

- „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა” შეთანხმდნენ, რომ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს მხარს დაუჭერენ. გარდა ამისა, ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან და არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზაა.

როგორ შეაფასებდით „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალებს“ შორის ხელმოწერილ შეთანხმებას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი მოახლოებულ არჩევნებზე?

- ამ მემორანდუმზე შეთანხმება აბსოლუტურად კანონზომიერი იყო. ასევე ლოგიკური იყო ამ საქმეში ევროპის სახალხო პარტიის მონაწილეობა. ადამიანებს ერთმანეთი რაც არ უნდა ეზიზღებოდეთ, თუ მათ დანაშაული აკავშირებთ, ეს მათ ურთიერთობაზეც აისახება. ადამიანებს სიყვარულზე მეტად ერთად ჩადენილი დანაშაული აერთიანებთ. ასეა ამ შემთხვევაში, როცა მათ ერთმანეთის მიმართ ზიზღიც კი აქვთ.

„ევროპელი დემოკრატებისა“ და „ნაციონალების“ ალიანსი არჩევნების თვალსაზრისით არც არაფერს ნიშნავს. მათ გაყოფილი ჰყავთ ერთი ელექტორატი, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ ექნებათ ამ ელექტორატის გაერთიანების მცდელობა.

ჩემი აზრით, „ევროპელი დემოკრატებისა“ და „ნაციონალების“ ელექტორატი მაქსიმუმ 18-20 პროცენტი შეიძლება იყოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას ვერ შეუქმნის.

თუ ასე განვითარდა პროცესები ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. მეორე ტური იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებში მარგველაშვილის მონაწილეობამ შესაძლოა მეორე ტურის აუცილებლობა გააჩინოს. ყველა სხვა შემთხვევაში ყველაფერი პირველივე ტურში დამთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ.

მეორე ტური იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას... ერთი ტური იქნება თუ ორი, ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი კანდიდატი მაინც მოიგებს

- თუ მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო, მეორე ტური აუცილებლად იქნება. სწორად გავიგე?

- თუ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ის მეორე ადგილზე ვერ გავა, მაგრამ მისი არჩევნებში მონაწილეობა და წაღებული 10-12%, სავარაუდოდ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მეორე ტური შედგეს ხელისუფლების კანდიდატსა და „ევროპელი დემოკრატებისა“ და „ნაციონალების“ კანდიდატს შორის.

ერთი ტური იქნება თუ ორი, ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი კანდიდატი მაინც მოიგებს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ თუ მმართველ გუნდს სურს საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს, საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევებში მიიღებს მონაწილეობას? ან სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი?

- ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის სასურველია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა. ეს მისთვისაც კარგი იქნებოდა, ვინაიდან ბოლო რყევები იმიტომ მოხდა, რომ ადამიანებს ივანიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეეპარათ - ანუ ხალხის მხარდაჭერაში. ამგვარი ეჭვები ქვეყნის გარეთაც გაჩნდა. ივანიშვილის მხრიდან ხალხის მანდატის დადასტურება ძალიან სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვისაც და თავად ივანიშვილისთვისაც.

- გასაგებია, მაგრამ მგონი ამის ალბათობა არც არსებობს...

საკუთარი ავტორიტეტი და საკუთარი პოლიტიკური წონა „ქართულ ოცნებაში“ არავის არ აქვს. მმართველ გუნდში ლიდერები არა თუ არ განვითარდნენ, ყველამ დეგრადაცია განიცადა. ასეთია სამწუხარო რეალობა

- დიახ, საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობის ალბათობა საკმაოდ დაბალია, თუმცა სასურველია. რაც შეეხება იმას თუ ვის წარადგენს მმართველი გუნდი, ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა, ვინაიდან ივანიშვილის გარდა ნებისმიერი კანდიდატი პრეზიდენტობის მხოლოდ ტექნიკური კანდიდატი იქნება.

იგი არჩევნებზე ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენი ხმის მობილიზებას შეძლებს მისთვის მმართველი გუნდის სახელისუფლებო რესურსი. საკუთარი ავტორიტეტი და საკუთარი პოლიტიკური წონა „ქართულ ოცნებაში“ არავის არ აქვს. მმართველ გუნდში ლიდერები არა თუ არ განვითარდნენ, ყველამ დეგრადაცია განიცადა. ასეთია სამწუხარო რეალობა.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა