რომან გოცირიძე - მთავარი კითხვა კანდიდატებთან იქნება ის, თუ რატომ გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა მაშინ, როდესაც კერძო კომპანიებში უფრო მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ

ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ახალ გუნდში, შეიძლება წარმატებულები არიან თავიანთ ფირმებში, მაგრამ აბსოლუტურად შეუფერებელნი - სახელმწიფო მართვისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეკონომიკურ გუნდში საკმაოდ რთული ვითარებაა, ვინაიდან მინისტრობის კანდიდატებს არსებული ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ. გოცირიძე აღნიშნავს, რომ მთავარი კითხვა კანდიდატებთან იქნება ის, თუ რატომ გადაწყვიტეს მათ პოლიტიკაში მოსვლა მაშინ, როდესაც კერძო კომპანიებში უფრო მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ, ვიდრე მინისტრს აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ბახტაძესთან მიმართებით მთავარი კითხვები საქართველოს რკინიგზაში არსებულ პრობლემებს და „ცენტრპოინტის“ საკითხს შეეხება, სადაც რომან გოცირიძის შეფასებით მამუკა ბახტაძემ უკუშედეგები მიიღო.

“წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთს აქვს მხოლოდ ერთ კომპანიაში მართვის გამოცდილება და მთელი თავისი ცხოვრება „ჯეოსელში“ მოღვაწეობდა. შეიძლება გაამართლა ამ ბიზნესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარების დალაგება შეძლოს. მეორეც ასევე ერთადერთ კომპანიაში მუშაობდა, „მაქკენზიში“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები დაინახოს. სამწუხაროდ, ყველაზე სერიოზული ჩავარდნაა ეკონომიკურ გუნდში. პრემიერთან სწორედ ამ კითხვას დავსვამთ, რატომ მოდის ეს ხალხი პოლიტიკაში, მაშინ, როდესაც მინისტრს ხელფასი 2000 ევრო აქვს, რაც იმ კომპანიებში, სადაც მუშაობდნენ, შეიძლება დამლაგებელს ან დარაჯს ჰქონოდა.

თავად პრემიერ-მინისტრს რომელი წარმატებული პროექტი ჰქონია ცხოვრებაში ან წარმატებული გამოცდილება?! რკინიგზაში, რომელიც გაკოტრებულია თუ „ცენტრპოინტში“, სადაც უამრავი დამიანი ამ დრომდე საკუთარი ბინების მოლოდინშია?!“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ორი დღის განმავლობაში განიხილავს და დაამტკიცებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს გაიმართება მინისტრების მოსმენა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის, ასევე საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. 14 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც მთავრობა ნდობის მისაღებად გავა. მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოში შემავალი დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველ პარტიაში კი, აცხადებენ რომ მამუკა ბახტაძეს და მის გუნდს, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს