ადვოკატი - კობაური ამბობს, რომ შეესწრო, თუ როგორ მოკლა სავარაუდოდ ორმა ლეკმა სმიტების ოჯახი და მასაც მოკვლით დაემუქრა, თუ ხმას ამოიღებდა

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოძიებამ დაადგინოს, ვის ეკუთვნის შავი ავტომობილი, ასევე, ვინ იყო ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა ხადას ხობაში მომხდარი მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას განუცხადა.

გირგვლიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, მალხაზ კობაურმა მას მოუყვა რეალურად, თუ რა მოხდა ხადას ხეობაში, შესაბამისად იკვეთება რომ საქმეში ფიგურირებს ორი უცხო ეროვნების მამაკაცი. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს მამაკაცები შესაძლოა ჩრდილო კავკასიელები იყვნენ.

„ბრალდებული მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღარებს. მან მომიყვა სინამდვილეში თუ რა მოხდა და რას შეესწრო. მისი საუბარი იყო ლოგიკური და სწორი, ასევე ერთმანეთთან კავშირში მყოფი.

მის მიერ გაკეთებულ განცხადებას „უცხოელებთან“ დაკავშირებით არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს უცხოები თქვა და არა უცხოელებიო. ეს ადამიანები სავარაუდოდ უცხოებიც იყვნენ და უცხოელებიც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ანუ როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ეს ადამიანები იყვნენ დაახლოებით ორი მეტრის, შავგვრემნები. აქცენტით საუბრობდნენ ქართულად. მალხაზ კობაურმა მითხრა, რომ აქცენტით მიამსგავსა უფრო ჩრდილოკავკასიელებს, აღნიშნა, რომ უფრო ლეკებს ჰგავდნენო. მან ასევე თქვა, რომ ეს ადამიანები ოსებს არ ჰგავდნენო.

თავად კობაური ამბობს, რომ თვითონ იყო შემსწრე იმისა, თუ როგორ მოკლა ამ ორმა ადამიანმა სმიტების ოჯახი და შესაბამისად დაემუქრნენ მას, რომ მოკლავდნენ მასაც და მის ოჯახსაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმას ამოიღებდა.

ასევე მათი მუქარა ბრალდებულისთვის იყო რეალურად აღქმადი. რაც შეეხება გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, მან შეცვალა ეს ჩვენება ჯერ კიდევ აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება მას არ ჩაუდენია. და ისიც თქვა, რომ ეს ორმა უცნობმა პიროვნებამ ჩაიდინა. მის მიერ დაფიქსირებულია, რომ ეს ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა შავი ფერის ავტომობილით. ავტომობილის მარკას და მოდელს, ასევე ვერც ნომერს ასახელებს, რადგანაც ის ავტომობილიდან შორს იმყოფებოდა“, - განაცხადა გირგვლიანმა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, გირგვლიანი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

მალხაზ კობაურს გუშინ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს, 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა