ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2018

"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

ქართველებს თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ

* * *

"ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

"ბრიუსელში ალიანსის სამიტი უკვე დასრულდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი სამიტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეთავაზების გარეშე დასრულდა. ერთადერთი პრიზი, რაც ქვეყანამ მიიღო, ისაა, რომ სამიტზე პრეზიდენტი უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა. თუმცა ექსპერტების ნაწილის თქმით, ჩვენთვის ერთგვარად უკან გადადგმული ნაბიჯი ამ სამიტზე ისაა, რომ საქართველოს საკითხი განიხილეს არა ასპირანტ ქვეყნებთან, არამედ უკრაინასთან ერთად. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი გარკვეულ დროს ექნება, მაგრამ ახლა არა, - ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხარდამჭერი განცხადება გაისმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ტრამპის ეს სიტყვები იყო ყველაზე მკაფიო გზავნილი - ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არ არის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში..."

"2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და 10 წლის შემდეგ თბილისში ცვლილების გარკვეული მოლოდინი იყო. თუმცა სამიტზე ისევ ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა სამაგალითოა, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველ-ნატო-ს კომისიის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში არანაირი ახალი შეთავაზება საქართველოსთვის არ ჩაწერილა. უფრო მეტიც, მკაფიოდ ჩაიწერა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი მაპ-ი იქნება და ამით დასრულდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ერთგვარი სპეკულაციებიც, რომ შესაძლოა, საქართველო მაპ-ის გარეშეც მიიღონ ნატო-ში. ნატო-ს 2-დღიან სამიტზე შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და სხდომის შემდეგ მიიღეს 8-პუნქტიანი დეკლარაცია, სადაც ალიანსი მადლობას უხდის თბილისს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. სამიტზე მიიღეს 79-პუნქტიანი კომუნიკეც, სადაც საქართველოს სამი თავი ეთმობა. ერთადერთი, რაც ნატო-საქართველოს დეკლარაციაში მნიშვნელოვან ჩანაწერად შეფასდა, არის ის, რომ ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და მასში საქართველოს როლი. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო მზად არის საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის განსამტკიცებლად და 2019 წელს ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები", - აღნიშნავს გამოცემა.

"საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე, რაც დიდი წარმატებაა. სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია თითქმის ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილებდა. გიორგი მარგველაშვილი მცირე ხნით შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ასევე, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ეს ორი შეხვედრა ქართული დელეგაციის უდიდეს წარმატებად შეფასდა. სამიტის ბოლოს კი მარგველაშვილმა შემაჯამებელი პრესკონფერენციაც გამართა და, ზალკალიანის მსგავსად, ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაცია ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და მეთაურების დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დეკლარაცია, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქმედო გეგმაა იმ წერტილიდან, სადაც ვართ, ნატო-ს წევრობამდე. მარგველაშვილის თქმით, დეკლარაციაში სამი ძირითადი მნიშვნელოვანი გზავნილია. პირველი - ალიანსის 29 ქვეყნის მიერ აღიარებულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან ჯარი უნდა გაიყვანოს; მეორე - ნათლად განსაზღვრულია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მესამე - სანამ ალიანსის წევრი გახდება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესზე თანხმდებიან ნატო-ს ლიდერები. მისივე თქმით, მისი მესიჯი იყო, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, ამაზე პასუხი ბრიუსელში არავის გაუცია", - განაგრძობს გამოცემა.

"საგულისხმოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო ყველა სამიტზე იღებდა ტექნიკურ ინსტრუმენტებს, ეს იყო ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ბოლოს იყო არსებითი პაკეტი. ამჯერად კი კონკრეტული წინადადებები საქართველოსთან მიმართებით კომუნიკეში არ ჩაწერილა. მიუხედავად ამისა, ამ სამიტით კმაყოფილია "ოცნება". მათი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს განცხადება იმაზე, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა და რომ უამრავი მხარდამჭერი განცხადება იყო. ოპოზიცია და პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ამ სამიტზე საქართველოს ნატო-სთან დაახლოება არ მომხდარა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, "წლევანდელი სამიტი ალბათ ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში", - დასძენს გამოცემა.

"პირველი სამიტია, სადაც არაფერი მიგვიღია. ყოველი სამიტის წინ საქართველო ცდილობდა, რაღაც მიეღო. პოლიტიკურად ნატო ვერ გვაძლევდა და სამაგიეროდ ვიღებდით რაღაცას პრაქტიკულად: ახალ პაკეტს, საწვრთნელ ცენტრს და ა.შ., რაც გვეხმარებოდა, გაგვეღრმავებინა ნატო-სთან თანამშრომლობა და თავსებადობა. ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, რადგან მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე პროგრესის თეორიული შანსიც არ აქვს", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ნოდარ ხარშილაძე.

მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლე აღმოჩნდა

"ექსპერტთა ვარაუდი გამართლდა, მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მართლაც მოკლე აღმოჩნდა. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ცვლილება მხოლოდ სამ მინისტრს შეეხო, ახალ კაბინეტში თანამდებობა შვიდმა მოქმედმა მინისტრმა შეინარჩუნა. პრემიერის გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სათავეში ჩაუდგება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრია. როგორც კანდიდატების წარდგენისას პრემიერმა განაცხადა, მიხეილ ბატიაშვილს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან და იმედი გამოთქვა, რომ იგი თავისი გამოცდილებით განათლების სისტემაში მთავრობის მიერ დაგეგმილ 5-დონიან რეფორმას წარმატებით განახორციელებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "რა იყო ამის მოტივი, ბევრი ფული ჰქონდათ და მეტი აღარ უნდოდათ?"

"თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესიით ექიმი გიორგი ქობულია კი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მას 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია "მატკინზის" მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიცია ეკავა და კონსულტაციას უწევდა ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიისა და წიაღისეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელ საერთაშორისო კომპანიებს. ქვეყნის პირველი ფინანსისტის პორტფელს კი ჩაიბარებს კომპანია "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ივანე მაჭავარიანი, რომელიც, ბახტაძის თქმით, ყველაზე გამოცდილი ადამიანია და მაქსიმალურად დაეხმარება მთავრობას "ქართული ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში". "ოცნების" ერთ- ერთი ლიდერის - არჩილ თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს პრემიერის მიერ შემოთავაზებულ "საქმიან პოლიტიკას" და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანდიდატებს, რომელთაც წარმატებული კარიერა ჰქონდათ თავიანთ სფეროებში, არ გაუჭირდებათ დაკისრებული ამოცანის შესრულება. მმართველი გუნდის ამ პათოსს არ იზიარებს ოპოზიცია. ისინი პრემიერის მიერ წარმოდგენილ გუნდში ვერ ხედავენ წონიან პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას. პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს კი უჭირთ ოპტიმიზმის შენარჩუნება, რომ ახალი მთავრობა ძველ მთავრობაზე უკეთ იმუშავებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"არგუმენტირებული დასაბუთება ვერ მოვისმინე, რატომ გატარდა ეს ცვლილება და რატომ გაუშვეს ძველი მთავრობა. ჩემთვის გაუგებარია, საიდან მოვიდნენ ეს ახალი სახეები და რატომ იქნებიან წარმატებული სახელმწიფო მოღვაწეები. როგორც გაცხადდა, ისინი წარმატებულნი იყვნენ თავიანთ სფეროებში, ჰქონდათ მაღალი ანაზღაურება, დატოვეს აწყობილი საქმე და მთავრობაში გადმოვიდნენ; რა იყო ამის მოტივი, ბევრი ფული ჰქონდათ და მეტი აღარ უნდოდათ თუ მათში პატრიოტულმა გრძნობამ გაიღვიძა, ესეც გაუგებარია. ამიტომ მიჭირს ოპტიმიზმის შენარჩუნება, რომ ახალი მთავრობა ძველ მთავრობაზე უკეთ იმუშავებს. რაც შეეხება ძველ მთავრობას, მათ მოღვაწეობაზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა ახალ კაბინეტში კახი კახიშვილი, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომელმაც პენიტენციალური სისტემა ფეხზე დააყენა. მისი ახალი პოზიციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დღეს ყველაზე მეტი პრობლემები პრემიერის ადმინისტრაციაშია და კახიშვილმა ახლა იქ უნდა გაატაროს რეფორმები, სხვა ახსნას ვერ ვხედავ" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.

"მთავრობის საქმიანობას დადებითად ვერ შეაფასებ, შედეგს თუ ვერ ნახავ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პირველი სამი თვის განმავლობაში დადებს პოზიტიურ შედეგს, ჩვენ გავზომავთ და ხელს შევახებთ, მერე შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა მთავრობასთან შედარებით უფრო ტექნოლოგიური მთავრობაა. მოვიდნენ თავიანთ სფეროებში წარმატებული მენეჯერები, რომლებიც შეეცდებიან, პრინციპული ნაბიჯები გადადგან. რაც შეეხება ძველი მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც ახალ კაბინეტში ვერ მოხვდნენ, არ ვიცი, გუნდში რა მოსაზრება იყო, თუმცა კახი კახიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნით საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთი ფიგურა გამოაკლდათ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

"უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა..." - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

"ამერიკელი ოჯახის დახოცვის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პროკურატურას საქმეში აქვს ბრალდებულის ტელეფონი და სხვა მწყემსების ჩვენებები, სადაც დაკავებული მწყემსის ბრალეულობა ნათლად იკვეთება - ეკონომისტი ირაკლი ლატარია ყვება, რომ ადგილობრივი მწყემსების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ტელეფონში გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოები ჰქონდა და ის მათ აჩვენებდა, თითქოს მისი მეგობარი გოგო იყო. მწყემსებმა გარდაცვლილი ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული ოჯახის შესახებ ინფორმაცია ჰკითხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მწყემსი ოჯახის დახოცვამდე ქალს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა. ლატარიას თქმით, მას მამაკაცის სხეული იქვე ჰქონდა გადამალული და კვალის არევის მიზნით, როდესაც ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ქმრის გვამი ღამით ჩანჩქერთან მიიტანა; ადგილობრივებმა საკუთარი ყურით უსმინეს, როგორ ყვებოდა დეტალურად ოჯახის დახოცვის ისტორიას. მწყემსები ვარაუდობენ, რომ ეს იყო სექსუალური მიზნით ჩადენილი დანაშაული და არ გამორიცხავენ, რომ მას ლორა სმიტის გაუპატიურება სურდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა... ნახეთ, რა ლამაზი ქალი მყავსო" - რას ჰყვებიან მწყემსები საზარელ დანაშაულზე

"ადგილობრივი ახალგაზრდები შეიკრიბნენ და მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ, რის გამოც პოლიციამ თავიდან მისი დაკავების ამბავი დამალა. მოგვიანებით კი ის ხეობიდან სამართალდამცველებმა ჩუმად გააპარეს. "პროკურატურას აქვს საკმაო მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, სადაც მწყემსი ბიჭის ბრალეულობა აშკარა და უტყუარია. როგორც ადგილობრივი მწყემსები ყვებიან, მათ დაკავებული თავის ტელეფონში ლორა სმიტის ფოტოებს უჩვენებდა და ამბობდა, ნახეთ რა ლამაზი ქალი მყავსო. ხოლო მათ ქალი მას შემდეგ ამოიცნეს, რაც მათთან პოლიცია მივიდა და დაკარგული სმიტების ოჯახის ფოტოები აჩვენა. მწყემსები ვარაუდობენ, რომ ის ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა. მათი აზრით, ეს იყო სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და მან მთელი ოჯახი ამის გამო ამოხოცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, მამაკაცის დამარხვას აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო, ამიტომაც კვალის არევის მიზნით ის ღამე ჩანჩქერთან მიიტანა. პროკურატურას ძალიან ბევრი მტკიცებულებები აქვს, თუმცა მის გამოქვეყნებას ჯერჯერობით ერიდება", - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი ლატარია, რომლის მტკიცებით, ხეობაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ის მარტო მოქმედებდა და მთელი ოჯახი მან ამოწყვიტა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს. სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი დააკავა, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. თუმცა სასამართლოზე ჩვენება შეცვალა და ბრალდება უარყო. დაკავებულს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", - განაგრძობს გამოცემა.

"საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარი, რომელიც ბრალდებულმა დამალა. მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში ცხოვრობს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - დასძენს გამოცემა.

ქართველებს თურქეთში  ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ

"თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ახალი თავშესაფრის ძებნა უწევთ. ბოლო 4-5 თვეა, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო ისინი სამშობლოში დარჩენილი ოჯახების დახმარებას ძველებურად ვერ ახერხებენ. ემიგრანტების გარკვეული ნაწილი ევროპის ქვეყნებში ცდილობს გადასვლას, ზოგი კი ადგილზე რჩება მდგომარეობის გამოსწორების იმედით. უკიდურეს შემთხვევაში ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობს. ემიგრანტების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო თურქეთმა აპრილიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი ვიზის გაცემის ან გახანგრძლივების უფლება შეუწყვიტა. ამის გამოც იქ სამუშაოდ დარჩენა ემიგრანტების უმრავლესობისთვის აზრს კარგავს. ბოლო თვეებში ლირის კურსი კატასტროფულად გაუფასურდა. თუკი წლის დასაწყისში 1 დოლარის ფასი 3,74 ლირა იყო, ამ ეტაპზე თითქმის 5 ლირამდეა ასულიული. 10 ივლისის მდგომარეობით, გაცვლითი კურსი 4,90-ია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყანაში მძვინვარებს ინფლაციაც, რომელიც 2003 წლის მერე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ივნისში ფასების ზრდის ინდექსმა 15,4% შეადგინა. ფინანსური ვითარება თანდათან უკონტროლო ხდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ინფლაცია 18-20%-ს მიაღწევს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართველებს თურქეთში აღარ დაედგომებათ / "საშინელი კრიზისისა და ინფლაციის გამო ბევრი ქართველი ემიგრანტი იძულებულია, თურქეთიდან ევროპაში გაიქცეს".

"ემიგრანტები ამბობენ, რომ ინფლაციური პროცესების გამო ხელფასებიც შეუმცირდათ და ოჯახების რჩენას უკვე დიდი გაჭირვებით ახერხებენ. "რეზონანსი" მათ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. თურქეთში მცხოვრები მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სამუშაოზე დასაქმებული ქართველები ევროპაში წასვლას გეგმავენ. ახალგაზრდა ემიგრანტს თავადაც თურქეთიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ სამწლიან ემიგრანტულ ცხოვრებას აგვისტოში დაასრულებს. "ძალიან ცუდი ვითარებაა. ბევრი ემიგრანტი იძულებულია, ევროპაში წავიდეს. სამ კვირაში ვასრულებ ემიგრანტულ ცხოვრებას და საქართველოში დავბრუნდები. ბევრი კი იძულებულია, რომ აქ დარჩეს და მძიმე პირობებში გააგრძელოს მუშაობა. სამშობლოში ვბრუნდები, მაგრამ ბევრს ვდარდობ აქ დარჩენილებზეც. აპრილიდან თურქეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი ვიზის გაცემის ან გახანგრძლივების უფლება შეუწყვიტა, ჩვენს ხალხს ამანაც პრობლემა შეუქმნა. ისე გამოდის, რომ ფულს რიცხავ, უარი მოგდის, მაგრამ გადახდილ თანხას არავინ გიბრუნებს. ფაქტობრივად, არალეგალად რჩები. ამიტომაც ბევრი იძულებული, დაბრუნდეს საქართველოში. ზოგიერთი იტალიაში აპირებს გადაბარგებას, უმრავლესობას გეზი საბერძნეთისკენ აქვს აღებული, სადაც ვითარება ცოტათი გამოსწორდა", - უთხრა "რეზონანსს" გამეზარდაშვილმა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ემიგრანტებს თურქულ ვალუტაში შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ორი წლის წინ ხელფასი თუკი 800 დოლარი ჰქონდათ, რაც ეკვივალენტით ლირაში 2400 იყო, ახლა უკვე დამსაქმებლები დოლარს ვეღარ უხდიან, პირდაპირ ძველი კურსით 2400 ლირას აძლევენ. დოლარზე გადახურდავებისას კი ძალიან ზარალდებიან. ფაქტობრივად, 500 დოლარსაც ვერ იღებენ, ესეც უკეთეს პირობებში. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა თურქეთში იაფი მუშახელია და ზოგი 350 დოლარზეც მუშაობს. 600-დოლარიანი სამსახურის შოვნა რთულია. ამ ფასად ზოგს სამსართულიანი სახლების დალაგება უწევს. მერწმუნეთ, აქ ცხოვრება არის უკიდურესი გაჭირვების ტოლფასი. ერთი ქალი ვიცი, რომელიც 500 დოლარს იღებს და კაპიკს ვერ ხარჯავს საკუთარი თავისთვის, მხოლოდ დასვენებაზე მიცემული 30 ლირით შეიძლება რამე იყიდოს. მთელ აღებულ ფულს უკლებლივ საქართველოში აგზავნის", - აღნიშნა მირზა გამეზარდაშვილმა. ემიგრანტების ნაწილი იმაზეც ჩივის, რომ ხელფასს დაგვიანებით იღებს. თურქეთში დასაქმებული თბილისელი ნატო კლდეისელი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო იტალიაში გამგზავრებას გეგმავს", - განაგრძობს გამოცემა.

"ყველაფერი თავდაყირაა, მიზერულ შემოსავალს ვიღებთ და იმასაც გვიგვიანებენ. ზოგს იმდენად შეუმცირდა შემოსავალი, რომ დახმარება იქეთ სჭირდება. ვისაც რა საშუალება გვაქვს, ერთმანეთს ვეხმარებით. თურქეთში არასდროს გვქონია ისეთი ხელფასი, რომ საკუთარი თავისთვის მიგვეხედა, სამშობლოში გაგვეგზავნა და ამის პარალელურად, დანაზოგზეც გვეზრუნა. ჩვენი შემოსავალი ზოგჯერ 3-4 ნაწილად იყოფა. აქ გაჩერება აზრს კარგავს. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, იტალიაში გავემგზავრო, თვის ბოლომდე დავრჩები და უკვე აგვისტოდან შევუდგები თადარიგს, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდე", - ამბობს გამოცემასთან საუბრისა ნატო კლდეისელი. ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე მათი ოჯახის წევრებიც საუბრობენ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკრიბაში მცხოვრები ქეთო მასხორაძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი საშოვარზეა წასული და უამრავ ოჯახს ამ ადამიანების იმედი აქვს", - დასძენს გამოცემა.

"ხალხი გადაიკარგა, ზოგი თურქეთშია, ზოგი - საბერძნეთში, ზოგი - იტალიაში ან ამერიკაში. აქაურობა წლების წინ დატოვეს და აქეთ არც იხედებიან. ვინც თურქეთშია, მათ ოჯახებს იქაური კრიზისი აშკარად დაეტყო, ფულს ვეღარ აგზავნიან. ჩემი შვილიც თურქეთშია. საბედნიეროდ, სამსახური და ხელფასიც შეინარჩუნა, მაგრამ გზავნილი გაანახევრა. თუკი თვეში 200 დოლარს აგზავნიდა, ახლა 100 დოლარს ძლივს გზავნის. ჯერჯერობით ცოტა დანაზოგი მაქვს, რითაც თავის გატანა მომდევნო 2-3 თვე არ გაგვიჭირდება. იმედია, მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება", - ამბობს ტყიბულელი დიასახლისი. ქართველების მიგრაცია თურქეთში ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა საქართველოში ე.წ. ბნელი 90-იანი წლები იდგა. არაოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ამჟამად 150 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა