მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას და სრულ ათვისებას

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გამოყო და ძირითადი გამოწვევებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმ პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რომლებიც უზრუნველყოფს რეგიონების პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას.

,,ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას და სრულ ათვისებას. 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში უკვე დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების განხილვა. შეხვედრების გარდა, მეტი ჩართულობისთვის დონორებთან ერთად ვგეგმავთ რეგიონების განვითარების ფონდის განაწილების ფორმულის გადახედვას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების კუთხით, სამინისტროს კომპეტენციაში გადმოვიდა მნიშვნელოვანი მიმართულება-სივრცითი დაგეგმარების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დასახლებების მდგრად და სწორ განვითარებას, ქაოტური განაშენიანებების გარეშე. ამ მიზნით სამინისტროში იქმნება საკონსულტაციო საბჭო.

მაია ცქიტიშვილი ერთ-ერთ პრიორიტეტად პროექტების ეფექტიან მართვას მიიჩნევს.

„პროექტების შესრულების ხარისხი და ვადები ჯერ კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა. ამ მიმართულებების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. განხორციელდება ტექნიკური საბჭოს რეფორმა მსხვილი პროექტებისთვის. ეს შეეხება გზებსა და წყალმომარაგების სფეროებს, ასევე მიმდინარეობს შედარებით მცირე - ტიპური პროექტების სტანდარტიზაცია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქართული წარმოების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგეგმება ერთგვაროვანი საქონლის შესყიდვების პროგრამების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებას.

„კორუფციული რისკების შემცირებისთვის ინერგება სტანდარტული მიდგომები, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებზე, ასევე - დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებაზე.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 2018-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობს.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდებზე ორიენტირებული გამართული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას.

„უნდა შეიქმნას სათანადო პირობები სწავლისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მათი ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა