მეიდანზე პროექტის „10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია გაიმართა

მეიდანზე პროექტის „10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია გაიმართა. პროექტს „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ქართული ღვინის ონლაინ მაღაზიასთან allwine.ge-სთან ერთად ახორციელებს. 13 ივლისს მეიდანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე ნებისმიერ მსურველს სპეციალურად შექმნილი საკოლექციო/ტურისტული/სასაჩუქრე ღვინის დაგემოვნებისა და სურვილის შემთხვევაში მათი სპეციალურ ფასად შეძენის საშუალება ჰქონდა.

„მოხარულები ვართ, რომ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი ინტერესი იგრძნობოდა ამ პროექტის მიმართ. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ხმის მიცემის პროცესში როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე. მოქალაქეები ხმას აძლევდნენ 23 დასახელების ღვინოს, რათა საუკეთესო გამოევლინათ.

პროექტი მართლაც უნიკალურია, რადგან ქმნის პრეცედენტს, რომ ბოთლის ღვინის მოხმარება მასობრივი გახდეს, საქართველოში არსებული ღვინის კომპანიები გააერთიანოს და მომხმარებლემა სხვადასხვა კომპანიების, განსხვავებული დასახელებების საუკეთესო ღვინის ერთ შეფუთვაში შეძენა შეძლოს, რომლებიც გამოცდილი ღვინის ექპერტების მიერ არის შერჩეული,“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ანანო თავხელიძემ.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, 10 საუკეთესო ღვინის გამოფენა-გაყიდვამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებს შორის. მათივე განმარტებით, მეიდანზე დღეს გამართული ღონისძიების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იმ ტურისტებმა გამოთქვეს, რომლებმაც საქართველოში მოგზაურობა სწორედ ღვინის სიყვარულის გამო გადაწყვიტეს. სტუმრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ქართული ღვინო პირველად დღევანდელ ღონისძიებაზე დააგემოვნეს და საკოლექციო შეფუთვებიც შეიძინეს.

„ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მომეცა. რამდენიმე მათგანი გავსინჯე და ქართული ქინძმარაულის ნახევრად ტკბილი ღვინოებს შორის ჩემი ფავორიტია. დღევანდელ დეგუსტაციას ამინდიც ხელს უწყობს და მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ჰოლანდიაში ვბრუნდები და აუცილებლად შევიძენ ერთ-ერთ სასაჩუქრე შეფუთვას ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია დაბადების დღის, ახალი წლის თუ სხვა რომელიმე დღესასწაულის აღსანიშნავად. ეთნიკურად ვარ ჩინელი, წლებია ჰოლანდიაში ვცხოვრობ, თუმცა ქართული ღვინის შესახებ ბევრი არ მსმენია. ვთვლი, რომ ამ შთამბეჭდავი გემოების შესახებ მთელ მსოფლიოში უნდა იცოდნენ,“ - განაცხადა ჰოლანდიელმა ტურისტმა.

უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე საკოლექციოდ/სასაჩუქროდ შეფუთული 10 საუკეთესო ღვინის დაგემოვნება და შეძენა ნებისმიერ მსურველს მეიდანზე 14 ივლისსაც შეეძლება. სასაჩუქრე შეფუთვების შეძენა ექსკლუზიურ ფასად - 129 ლარად - მომხმარებლებს allwine.ge-ზეც შეუძლიათ.

„მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის პოპულარიზაციისთვის. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებელს მხოლოდ ჩვენთან შეეძლება ამ პროდუქტის შეძენა ექსკლუზიურ ფასად. მათ ჩვენი საიტის საშუალებით თითოეული წარმოდგენილი პროდუქტის გამოწერა შეუძლიათ, ყველგან მიუხედავად ადგილისა და დროისა. მოკლედ, ძალიან კარგი პროექტია, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ იჩქარონ და შეიძინონ რჩეული ღვინოები, რადგან ყუთები ლიმიტირებულია,“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა, allwine.ge-ს წარმომადგენელმა ანი ამირანაშვილმა.

პროექტს „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” „მედია ჰოლდინგი პალიტრა“ და allwine.ge-ის ერთობლივად ახორციელებენ და მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. როგორც „პალიტრასა“ და allwine.ge-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროექტი რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით.

ათი რჩეული ღვინის პროექტი 2017 წლის 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ღვინოებისთვის ხმის მიცემა 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმებზე გრძელდებოდა. პირველ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესში 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო და 23 დასახელებიდან ღვინის 10 სახეობა აირჩიეს.

მეორე ეტაპზე საქართველოში არსებულმა ღვინის კომპანიებმა დეგუსტაციისთვის საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს. ძლიერი ინტერესის გამო ბრმა დეგუსტაცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა სწორედ ბრმა დეგუსტაციით რჩეული კომპანიების 10 საუკეთესო ღვინო გამოავლინეს, რომლის ერთი ნაწილი - 5 ბოთლი - ერთ შეფუთვაშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე 5 ღვინო, მეორე შეფუთვაში.

საუკეთესო ღვინის სტატუსი შემდეგმა სახეობებმა მიიღო: ახალშენი 2005 - "საფერავი"; თელიანი ველი - "ტვიში"; მეღვინეობა ბესინი - "წინანდალი"; მარანული - "ახაშენი"; ბატონო - "ქინძმარაული"; გიუაანი - "რქაწითელი"; თბილღვინო - "ხვანჭკარა"; შატო ნეკრესი - "მუკუზანი"; კონჭო და კომპანი - "ქისი"; კორპორაცია ქინძმარაული - "მწვანე".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა