ირაკლი კობახიძე- მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში

პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების საკითხზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული სამართლებრივი და პოლიტიკური ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს განსაზღვრული ვადები, არის სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური ვადები და ამ ვადებში დასახელდება, ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიღაცას ვერ ვასახელებთ ან არ ვასახელებთ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები მაშინ, როდესაც თავად პრეზიდენტსაც არ გამოუცხადებია საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც ასეულობით წევრისგან შედგება, პრეზიდენტს კონსულტაციების გავლა არ სჭირდება და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს.

„აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი თავადაც არ აცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. მას არ სჭირდება არავისთან კონსულტაციების გავლა, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც შედგება უამრავი წევრისგან, მათ შორის, პოლიტიკური გუნდი არის წარმოდგენილი ასეულობით ადამიანით. ჩვენ გვჭირდება სერიოზული კონსულტაციების გავლა და ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებთან, კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაკეთდება ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, ნებისმიერ კონკურენტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ შეგვეძლება განცხადების გაკეთდება“,-განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.