დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში დირექტორატის (DG NEAR) უფროსის მოადგილე კატერინა მატერნოვასთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები. ამასთან ერთად მხარეებმა განიხილეს საქართველოს-ევროკავშირის მაღალი დონის სექტორული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა, მისი მოსამზადებელი სამუშაოები და განსახილველი საკითხები.

გამართულ შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს, რაც ასევე ასახულია ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაში. მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო უფრო დააჩქარებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა, რაც დასტურდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. შეხვედრაზე კატერინა მატერნოვამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერაში და ქართულ მხარეს აცნობა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის დახმარების ათვისებას, როგორც საბიუჯეტო დახმარების პროგრამების საშუალებით, ასევე მაკრო-ფინანსური და სხვადასხვა საექსპერტო დახმარების პროგრამების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში კარეტინა მატერნოვა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრებს გამართავს, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების და სხვა უწყებებთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა