დავით ზალკალიანი - იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. იტალია არის საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენ გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან სერიოზული დინამიკა. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების - პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტები განხორციელდა. საპასუხო ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელძღვანელმა.

როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში ორმხრივი ურთიერთობები იქნება განხილული. დავით ზალკალიანის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჯო მატარელა ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

საგარეო უწყების ცნობით, იტალიის პრეზიდენტი ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. სერჯო მატარელა ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და“ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას დაათვალიერებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა