პრემიერ-მინისტრი კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო-კანადას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს მთავრობის მეთაურის, მამუკა ბახტაძის და კანადის ხაზინის საბჭოს პრეზიდენტის, სკოტ ბრისონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოითქვა მზაობა, სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე; აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ურთიერთობებისთვის ახლი დინამიკის შეძენის მნიშვნელობაზე, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავების ნაწილში.

როგორც სკოტ ბრისონმა აღნიშნა, საქართველო კანადისთვის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ძლიერი დასაყრდენია. მანვე დადებითად შეაფასა ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წარმატებებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობას - ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიზნით და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის კანადელი ბიზნეს-წრეებისა და ინვესტორებისთვის გაცნობას.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა. ითქვა, რომ კანადა მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკას.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კრისტოფერ კუტერი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა