გიორგი ჩერქეზიშვილმა იტალიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი საქართველო - იტალიის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ჩერქეზიშვილმა იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს 5 პროცენტს მიაღწია, ხოლო ბოლო წლების მაქსიმუმი 2018 წლის მაისში დაფიქსირდა და 7,5 პროცენტი შეადგინა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია და პირდაპირ უკავშირდება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდისა და განვითარებისკენაა მიმართული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ პოზიციებზე საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებსა და სუვერენული სარეიტინგო სააგენტოების კვლევებში.

გიორგი ჩერქეზიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ზრდა და სიღარიბის შემცირებისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნა წარმოადგენს. იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა დეტალური ცნობები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან. მათ შორის, ევროკავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქვს, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ.

პრეზენტაცია ასევე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ბიზნეს სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. მასში ასევე ყურადღება იყო გამახვილებული საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა