გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა.ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას თავისი ლოგიკა გააჩნია. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას ფლობს. ამასთან, პრეზიდენტი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ როდესაც ის აჭარაში იმყოფებოდა, მას მხოლოდ ერთი კანდიდატი შესთავაზეს.

„დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში. გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ მიერ, ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე გამოვხატე კიდევაც გაკვირვება, რომ ოპოზიციას არ წარმოუდგენია ჩემთვის ალტერნატიული კანდიდატურა, თუმცა შემდეგ ოპოზიცია შეთანხმდა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე. მე თავისთავად, დემოკრატიულ პროცესს, როდესაც მიმდინარეობს კანდიდატურების გამოყოფა და საზოგადოებისთვისა წარდგენა, დადებითად მივიჩნევ და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო არის წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის. ამასთან ერთად გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, შემიძლია გითხრათ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის წარდგენასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შემდგომ პროცედურებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გაივლის.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული იყო თორნიკე რიჟვაძის, ექვსი პოლიტიკური პარტიის მიერ არმაზ ახვლედიანის და სახალხო-საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გოჩა გუგუნავას კანდიდატურები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს