ირაკლი კობახიძე - მზად ვიყავით, კონსტიტუციაში აგვესახა მკაცრი ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა ამის წინააღმდეგ წავიდა

ჩვენ მზად ვიყავით, კონსტიტუციაში აგვესახა მკაცრი ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქმე ეხებოდა ჩანაწერს შრომის ინპექციის თაობაზე, თუმცა ამის წინააღმდეგ მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა წავიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე განუცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, დაგეგმილია სექტემბერში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის შინაარსობრივი გადახედვა, ამაღლდება აღნიშნული კანონის სტატუსი და ის ორგანული კანონი გახდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაზეც დღეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა, არასწორი ინფორმაციაა.

“მე შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ტყუილი ვუწოდო, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თმენის ვალდებულება მენიჭება, როცა საქმე დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს ეხება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ მზად ვიყავით და გვქონდა სურვილი, რომ კონსტიტუციაში აგვესახა მკაცრი ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქმე ეხებოდა ჩანაწერს შრომის ინპექციის თაობაზე, თუმცა ამის წინააღმდეგი წავიდა მთავრობა - მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ჩვენი პოზიციის გადახედვა მოგვიწია. ეს იყო მაშინდელი მოცემულობა, რაზეც ღიად ვსაუბრობდით და ეს ინფორმაცია იყო საჯარო. მე პარლამენტის სხდომაზე გავიხსენე ის, რაც ყველას უნდა ახსოვდეს და უნდა ახსოვდეს იმ დეპუტატებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართული პროცესში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით სტანდარტები იყო ასამაღლებელი. ბუნებრივია, კონკრეტული ტრაგედია არავის ბრალი არ არის. ჩვენი მოსაზრებით, სტანდარტები შრომის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა ამ კუთხით არსებობდა წინააღმდეგობა და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება, როცა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მიუღებლად მიიჩნევენ, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად, რომან გოცირიძეს შახტაში ვინმეს დაღუპვა უნდა. ეს ასე არ არის. აქ საუბარია განსხვავებულ მიდგომებზე. ჩემი მიდომა არის ის, რომ სტანდარტები უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი, ხოლო მთავრობის წინა ხელმძღვანელობის პოზიცია იყო, რომ ეს სტანდარტები უნდა ყოფილიყო შედარებით დაბალი. ჩვენ გვქონდა არსებითი განსხვავება პოზიციებში, თუმცა ანგარიში გავუწიეთ მაშინდელ სამთავრობო და პარტიულ ხელმძღვანელობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“.

“თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე“ - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით ჭიჭინაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს