საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ექსპერტმა დანებზე ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა, აცხადებს, რომ შესაძლებელია იარაღს შემხებლობა ჰქონოდა ორ პირთან, თუმცა გენოტიპირებისას მხოლოდ ერთი პირის ბიომასალა დაფიქსირდეს.

ამის შესახებ ექსპერტმა ნინო კვიწინაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. ექსპერტმა მის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, მათ შორის დანებზე არსებულ მასალებზე, ჩატარებულ ექსპერტიზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ დანაზე არსებული სისხლის კვალი ეკუთვნოდა ლევან დადუნაშვილს, ხოლო ბიოლოგიური მასალის დიდი ნაწილი გ.ბ.-ს, რომელიც ამჟამად დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. რაც შეეხება მეორე დანას, ექსპერტის განმარტებით, მასზე არსებული სისხლის ლაქები დავით სარალიძეს ეკუთვნოდა, ხოლო ბიოლოგიური მასალა გ.ჯ.-ს, რომელსაც მსჯავრი სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაედო.

ექსპერტს კითხვა ორი ბიოლოგიური მასალიდან ერთის დაკარგვის შესაძლებლობაზე კომისიის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დაუსვა.

„არის ვალიდირებული კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ერთი პირის ბიოლოგიური მასალა, სისხლში არსებული ბირთვული უჯრედების რაოდენობა, მინიმუმ 50-ჯერ მაინც აღემატება მეორე პირის ბიოლოგიურ მასალას, ასეთ შემთხვევაში, გენოტიპირებისას იკარგება მეორე პირის ბიომასალა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა პროფილი მხოლოდ ერთპირიანი იყოს“, - განაცხადა ნინო კვიწინაძემ.

აღნიშნული პასუხის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ექსპერტს განუმარტა თუ რატომ ინტერესდებიან კომისიის წევრები მსგავსი თეორიული შესაძლებლობებით. კაპანაძის თქმით, იმ ფონზე, რომ პირველ დანაზე მხოლოდ ლევან დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალა ფიქსირდება, ხოლო პროკურატურის ვერსიით, გ.ბ.-მ დადუნაშვილის მკვლელობამდე აღნიშნული დანით დაახლოებით 7 ჭრილობა მიაყენა დავით სარალიძეს, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ დანაზე მხოლოდ დადუნაშვილის ბილოგიური მასალა დარჩენილიყო და სარალიძის დაკარგულიყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა