პედიატრი - ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს

ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა,- ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ ბავშვი სწორად იკვებება და მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ნახშირწყლებით, ცილებით, მაშინ ტყვიით ინტოქსიკაცია არ მოხდება.

"ზოგადად ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ტყვიით ინტოქსიკაციას ახასიათებს საშუალო სიმძიმის მოწამვლა, მწვავე მოწამვლა და ქრონიკული მოწამვლა.

მწვავე მოწამვლა უვითარდებათ საბადოს მომპოვებელ თანამშრომლებს ან ნავთობმომპოვებელი ქარხნის მუშებს. მისი დიაგნოზი მარტივად შეიძლება დავსვათ. ტყვიის მწვავე მოწამვლით პაციენტები ხვდებიან სპეციალურ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში და მათ უტარდებათ ე.წ. ხელატური ანუ გამომძევებელი მკურნალობა. ასეთი პაციენტი რამდენიმე დღეში შეიძლება გამოჯანმრთელდეს.

როგორც წესი, ბავშვებს უვითარდებათ ქრონიკულად მოწამვლით მიმდინარე კლინიკური გამოვლინებები, როგორიც არის ადვილად დაღლილობა, ნერვულ-რეფექტორული აგზნებადობა, სხვადასხვა ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, საგნის ათვისების უნარის დაქვეითება, მოსწრების დაბალი მაჩვენებელი სკოლებში და ა.შ. ქრონიკული მოწამვლის შემთხვევაში, თუ მან გამოიწვია უკვე ცენტრალურ-ნერვული სისტემის დაზიანება, თუ ჩალაგდა ღვიძლსა და სხვა ორგანოებში, მისი გამოძევება საკმაოდ ძნელი ხდება და დაზიანებული ორგანოების აღდგენა ვეღარ მოხდება.

თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა. თუ ბავშვი სწორად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ცილებით, ნახშირწყლებით, მინერალებით, ასეთ შემთხვევაში ტყვიით მოწამვლა პრაქტიკულად არ ვითარდება. იმისათვის, რომ მოხდეს ინტოქსიკაცია, ტყვია უნდა დაუკავშირდეს ჰემოგლობინს, რკინის ნაცვლად უნდა ჩაჯდეს მასში და ამან უნდა გამოიწვიოს მოწამვლა. თუ რკინით არის გაჯერებული ჰემოგლობინი, მაშინ ტყვია იქ ვერ ჩაჯდება,"- განაცხადა თემურ მიქელაძემ.

როგორც პედიატრმა განმარტა, ტყვიით ინტოქსიკაცია ყველაფრიდან შეიძლება მოხდეს, თუმცა ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის. მისივე თქმით, საქართველოში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს.

"ტყვიით ინტოქსიკაცია ყველაფრიდან შეიძლება მოხდეს, ეს არის: საკვები, სათამაშოები, თიხის ჭურჭელი, გაურკვეველი წარმოების მედიკამენტები, ბენზინი და ბენზინის პროდუქტები, სხვადასხვა ჰომეოპათიური საშუალებები, საღებავები.

ტყვია ყოველთვის იყო, ახლაც არის და იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი მაღალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოწამვლა განვითარდება. მთავარია სწორი ნუტრიენტული სტატუსი. ბავშვი უნდა იკვებებოდეს სწორად. საგანგაშო სიტუაცია ქვეყანაში არ არის. პრაქტიკულად ტყვიის მოწამვლის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლიც კი შეიძლება იყოს,"- განაცხადა მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო