ქვემო სილეზიის სეიმიკმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ცერემონიაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვემო სილეზიის სეიმიკის საგანგებო სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. უახლოესი წარსულის სამხედრო აგრესიამ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მისასალმებელია, რომ თქვენმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა და მკაფიოდ დააფიქსირა მისი ურყევი პოზიცია. პოლონეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას.  ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირები საერთაშორისო დონეზე, მუდმივად აფიქსირებენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას. მოხარული ვართ, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვემო სილეზიის რეგიონულმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რეზოლუციის მიღებით მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაგმოს ქვეყნის ოკუპაცია.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, სეიმიკის თავმჯდომარეს, მარშალს, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას და პოლონელ ხალხს მხარდაჭერისათვის, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც შარშან გაფორმდა და რეგიონებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს