ზაზა სარალიძე - დღეს დაკავებული არასრულწლოვანი იყო ჩემი შვილის მეგობარი და პირი, ვის გამოც ინციდენტი დაიწყო

მივესალმები შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვინაიდან თავდაპირველად შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა დაიწყეს ამ საქმის გაფუჭება და დღეს უკვე რეალურ ნაბიჯებს დგამენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკავებული მოწმე დ.ღ. იყო მისი შვილის მეგობარი და პირი, რომლის გამოც ინციდენტი დაიწყო. ზაზა სარალიძე დ.ღ.-ის საქციელს სამი სავარაუდო მიზეზით ხსნის. გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ ის ან დააშინეს, ან მოისყიდეს ან არასწორი ჩვენებები საკუთარი მენტალური შეხედულებიდან გამომდინარე მისცა.

ზაზა სარალიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქცენტს მესამე პირის ან პირების დაინტერესებაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და ის პირები, რომლებიც საქმის ობიექტურ გამოძიებას უშლიდნენ ხელს, დაისჯებიან. სარალიძე აღნიშნულზე პასუხისმგებლობას საქმეზე მომუშავე სამართალდამცველებსაც აკისრებს.

„დღეს დაკავებულმა პირმა, რომელიც ჩემი შვილის ძმაკაცია, ცრუ ჩვენებები მისცა არა გამოძიებას, არამედ სასამართლოს. მხოლოდ და მხოლოდ ეს პიროვნება არ არის დასასჯელი. იმედია ეს პროცესები გაგრძელდება და ნებისმიერი პირი, ვინც ცრუ ჩვენება მისცა, გამოვლინდება. არა მხოლოდ არასრულწლოვანი მონაწილეები, არამედ ის პირები, ვინც ყველაფერი დაინახა და არაფერი თქვა, ასევე ის პირები, ვინც შეეცადა ამ საქმის გაყალბებას და ამ საქმის თეთრი ძაფებით შეკერვას. არაფერს გამოვრიცხავ, ეს შესაძლებელია ყოფილიყო დაშინება, მოსყიდვა ან თავისი მენტალობა, მაგრამ ფაქტია, ამ პირთან დაკავშირებით შს სამინისტროს ჩხრეკის ორდერი რომ ჰქონდა გაცემული, მივიდნენ წარმომადგენლები და მხოლოდ მისი მშობლების მიერ მოწოდებულ ტანსაცმელს დასჯერდნენ. არ შევიდნენ ობიექტზე და არ გამოიკვლიეს თავიდან ბოლომდე. ეს მიუთითებს, რომ საქმე ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე აურიეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

„კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს