ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შეხვდნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. საუბარი ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებს შეეხო. იმსჯელეს დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

„შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან დაისვა მეტად მნიშვნელოვანი კითხვები და წამოიჭრა საინტერესო ინიციტივები. ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ერთი მხრივ მათი ინფორმირებულობის გაზრდას და მეორე მხრივ, ჩვენთვის იმ მოლოდინებზე ინფორმაციის მიღებას, რაც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დისკუსია ასევე შეეხო კონფლიქტების მოგვარების საკითხში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი ქალთა ჩართულობის საკითხს, რაც სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს შესძენს და ეხმიანება გაეროს 1325 რეზოლუციის სულისკვეთებას. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა დგას. მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და გადაადგილების შეზღუდვის პრობლემა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში როგორც დევნილების დაბრუნების, ასევე გალსა და ახალგორში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების თემა ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ცენტრალურ საკითხებად რჩება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე - უკანონო დაკავებების, ადამიანის უფლების შეზღუდვის შემთხვევებზე. ამ ჭრილში მიმოიხილეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, გაეროს და ევროკავშირის დასადმკვირვებლო მისიის წარმომადგნელები და ა.შ.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა