აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მთავრობა 14 ხმით დაამტკიცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე რეგიონის ახალი მთავრობა ფარული კენჭისყრით 14 ხმით დამტკიცდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". სხდომას არ ესწრებოდნენ: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ზაზა ოქუაშვილი და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე.

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ოთხი მინისტრიდან ორი ახალი სახეა - ჯაბა ფუტკარაძე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტიტე აროშიძე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს. მთავრობის ძველი შემადგენლობიდან თორნიკე რიჟვაძემ ორი მინისტრი შეარჩია: ინგა შამილიშვილი - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ზაალ მიქელაძე კი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.

კენჭისყრის პროცედურების დაწყებამდე, კანდიდატები რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ კანონმდებლების შეკითხვებს.

ყველაზე მეტი შეკითხვა კანდიდატებისადმი ამჯერადაც ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა დასვა. მისი შეფასებით, კანდიდატებმა სრულყოფილად ვერ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თავიანთი უნდობლობა რამდენიმე მიზეზით ახსნეს და აღნიშნეს, რომ ახალი მთავრობა სახელმწიფოსათვის, რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებს.

ოპოზიციის კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად, მთავრობის ახალი შემადგენლობისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა მოწოდებულია მაქსიმალურად დაიცვას ქვეყნის, ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობის ინტერესები, მაქსიმალურად დაიხარჯოს რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის. მათ წარმატებები უსურვეს ახლად დამტკიცებულ მთავრობას და იმედი გამოთქვეს, რომ გუნდური პრინციპით ყველა ერთად შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისათვის სასიკეთო საქმის კეთებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო